ომი ახლო აღმოსავლეთში: ამერიკული ჯარები რეგიონში ჩავიდნენ, ირანი მათ დესანტის შემთხვევაში „ცეცხლის ქარიშხალს“ ჰპირდება

ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ ირანის ჯარები „ელოდებიან, როდის გადმოვლენ ამერიკელი ჯარისკაცები ხმელეთზე, რათა მათზე ცეცხლის ქარიშხალი დაატეხონ“. ამერიკული მედიის ცნობით, პენტაგონი ემზადება ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის, თუმცა უცნობია, დაუჭერს თუ არა ამას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ირანი მზადაა სახმელეთო შეჭრის მოსაგერიებლად

ირანულმა მედიამ, მათ შორის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ IRNA, გამოაქვეყნა ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამად ბაღერ ღალიბაფის მიმართვა, რომელიც ომის დაწყებიდან პირველი თვის დასრულებას მიეძღვნა.

ღალიბაფი ირანის ხელმძღვანელობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ცოცხლად გადარჩენილ ფიგურად ითვლება. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი აშშ-სთან გარკვეულ კონტაქტებს ინარჩუნებდა ომის დასრულების საკითხზე, თუმცა თავად ამას საჯაროდ უარყოფდა.

მისი განცხადებით, „მტერი საჯაროდ სიგნალს აგზავნის მოლაპარაკებების მზადყოფნის შესახებ, ხოლო ფარულად ამზადებს სახმელეთო შეტევას“. მისი თქმით, აშშ „15-პუნქტიანი მოთხოვნების სიის წარდგენა არის მცდელობა, აშშ–მ მიაღწიოს იმას, რასაც ომის გზით ვერ მიაღწია“.

ღალიბაფის თქმით, ირანის ჯარები „ელოდებიან, როდის დადგამენ ამერიკელი ჯარისკაცები ფეხს ირანის მიწაზე, რათა მათ ცეცხლის ქარიშხალი დაატეხონ“.

რაც შეეხება კაპიტულაციას, თეირანის პოზიცია „მკაფიოა“ – ქვეყანა „დამცირებას არ მიიღებს“.

რეგიონში ახალი ამერიკული ძალები ჩავიდა

მანამდე აშშ-მ განაცხადა, რომ რეგიონში სამხედრო ხომალდ USS Tripoli-ზე დაახლოებით 3 500 სამხედრო ჩავიდა. გამოცემა The Washington Post იუწყება, რომ პენტაგონი ამზადებს ირანში სახმელეთო ოპერაციებს, რომლებიც შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, დაამტკიცებს თუ არა ამას დონალდ ტრამპი. მარტის დასაწყისში ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა: „მე ჯარებს არსად ვაგზავნი“, თუმცა მაშინვე დაამატა: „და თუ გავაგზავნიდი, ამას ნამდვილად არ გეტყოდით“.

პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიო განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანში თავისი მიზნების მიღწევა „სახმელეთო ჯარების გამოყენების გარეშე“. მისი თქმით, სპარსეთის ყურეში სამხედროების განლაგება მიზნად ისახავდა პრეზიდენტისთვის სხვადასხვა მოქმედების ვარიანტის მიწოდებას: „ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით, პრეზიდენტს მივაწოდოთ მაქსიმალური შესაძლებლობები გაუთვალისწინებელ ვითარებებზე რეაგირებისთვის“.

ისრაელმა თეირანს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დაასრულეს თეირანზე მორიგი საჰაერო დარტყმების სერია, რომლის სამიზნე დროებითი სარდლობებისა და იარაღის წარმოების ობიექტები იყო.

მათივე ინფორმაციით, ირანის რეჟიმმა ნაწილობრივ გადაიყვანა სარდლობის პუნქტები მობილურ რეჟიმში მას შემდეგ, რაც წინა ობიექტები დაიბომბა. ისრაელის სამხედროების განცხადებით, ამ პუნქტების ნაწილი უკვე განადგურებულია.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმები განხორციელდა იმ მეთაურებზე, რომლებიც შტაბებში მოქმედებდნენ.

დარტყმები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში არაერთი შეტევა დაფიქსირდა, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ ბოლო საათებში 10 დრონი ჩამოაგდო. სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ქუვეითმა, განაცხადეს ღამით განხორციელებული თავდასხმების შესახებ.

შაბათს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. კომპანია Emirates Global Aluminium იუწყება, რომ აბუ-დაბიში მდებარე მისი დიდი ქარხანა დაზიანდა და რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.

კომპანიამ დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიიღო, თუმცა დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქუვეითში კი საერთაშორისო აეროპორტის რადარული სისტემა სერიოზულად დაზიანდა.