ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას განცხადებით, სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შემცვლელად, ჯერ არცერთი კანდიდატურა არ დასახელებულა.
მეუფე ისაიამ დღეს ქადაგებისას თქვა, რომ „ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს“.
„იცით, რომ არჩევნები მოდის. არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ. ამას თავისი დრო აქვს, როდესაც უნდა მოხდეს ეს ამბავი. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან – ვლოცულობ, რომ თქვენ გახდეთო, მას ვუპასუხე: „იმაზე კი ნუ ლოცულობთ ვინ გახდეს და ვინ არა, ილოცეთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება“. უფლის ნება როგორია, ეს არის მთავარი, თქვენც გთხოვთ, რომ ილოცოთ, როგორც არის ღვთის ნება, რომ გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელიც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს. ეს არ არის ადვილი, სასიხარულო ამაში არაფერი არ არის, ასე ვთქვათ, ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს. ვისაც დააკისრებს, ალბათ, ამაზე უარი არ უნდა თქვას და ეს ჯვარი უნდა იტვირთოს. ამას ვერავინ იტვირთებს, თუ ღვთის შეწევნა არ იქნება, ეს უფლის შეწევნაა, თუ უფალი არ შეეწია ადამიანს, ვერც ჩვენი უწმინდესი შეძლებდა ამას, მას რომ ღვთის შეწევნა არ ჰქონოდა. ამდენად, ინებოს უფალმა, რომ გამოარჩიოს ის, ვინც არის მისთვის საჭირო, ვისაც ის ხედავს“,- აღნიშნა მეუფე ისაიამ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუფე ისაიამ პატრიარქობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, რაზეც მეუფე ისაიამ უპასუხა:
„ჯერ შორი დროა არჩევნებამდე, ამიტომ ჯერ არავის დაუსახელებია ვინმე კანდიდატად, ამიტომაც ჯერ ვერავინ მოხსნიდა თავის კანდიდატურას, მგონია, გასაგებად ვამბობ…დანარჩენს კი დრო გამოაჩენს, რა როგორ იქნება“.















