აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ ქვეყყანაში პოლიტიკური დევნილია, დღეს დილით, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართულმა შსს–მ საქართველოდან აზერბაიჯანში გააძევა.
საქართველოში მცხოვრები ჟურნალისტი 4 აპრილის ღამეს პოლიციამ დააკავა – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო. ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში წუხელვე დაინიშნა. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გადაწყვეტილება დღეს გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე გამოაცხადა.
შსს-ს ცნობით, მოსამართლემ სადიგოვს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში შემოსვლა სამი წლით აუკრძალა.შსს–მ კი სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე საათში აღასრულა.
სასამართლოს გადაწყვეტილებასა და სადიგოვის დაკავებას საფუძვლად დაედო 1 აპრილს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული ფეისბუკპოსტი, რომელშიც ეწერა:
„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, – ამ პოსტს თან ერთოდა ვიდეოები, რომელშიც ქართველი პოლიციელებიც ჩანდნენ.
აფგან სადიგოვი ცოლსა და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.
სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს. წინასაექსტრადიციო პატიმრობას და სამშობლოში მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან პროტესტის ეს ფორმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეცვალა.
სადიგოვის გადაცემას აზერბაიჯანული მხარე თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა. ადვოკატები ამბობდნენ, რომ ეს საფრთხის შემცველი იყო და ექსტრადიციის შესახებ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც აღსრულების პროცესი შეაჩერა.
თუმცა, სტრასტურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ოცნების ხელისუფლებამ სადიგოვი აზერბაიჯანში გააძევა, სადაც მას საფრთხე ემუქრება.
შსს განმარტავს, რომ ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.
ოპოზიციური ალიანსი და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აზერბაიჯანელის ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან სამშობლოში იძულებით დაბრუნებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევად მიიჩნევენ.
„ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
ოპოზიციურ ალიანსს ჟურნალისტის საქართველოდან გაძევებას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის გადაწყვეტილებად და რეჟიმის პირად შურისიძებად თვლის იმის გამო, რომ სადიგოვის პოზიცია ივანიშვილის მიმართ კრიტიკულია.
აფგან სადიგოვის საქმეში ფორსირებულმა, რამდენიმე საათში ინიციირებულმა და გვიან ღამის საათებში ჩატარებულმა სასამართლო პროცესმა „ფორმალურ-სამართლებრივი“ ილუზიის შექმნა სცადა, რასაც ევროპული კონვენცია ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილებას.
როგორ ონიანი აღნიშნავს, ვერანაირი სამართლებრივი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გვერდის ავლას და „კანონიერების ილუზიის“ შექმნას, ვერ გაამართლებს სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებას.
„ევროსასამართლო ხშირად იმეორებს, რომ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები არ უნდა იქცეს ილუზორულად.
შესაბამისად, ვერანაირი სამართლებრივი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გვერდის ავლას და „კანონიერების ილუზიის“ შექმნას, ვერ გაამართლებს აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებას იქ, სადაც თავად ღონისძიების გამოცემის ფაქტი მიუთითებდა „გამოუსწორებელი ზიანის მიყენების გარდაუვალ რისკზე“.
დროებითი ღონისძიების გამოცემა ნიშნავს სიცოცხლისთვის ან წამების/არასათანადო მოპყრობის რეალური და გარდაუვალი საფრთხის დეკლარირებას. ამ საფრთხის შეფასების ვალდებულება კი სახელმწიფოს აქვს თავადაც, მიუხედავად იმისა, გამოცემულია თუ არა ღონისძიება. ეს მისი კონვენციური ვალდებულებაა, რომლის შეუსრულებლობისთვისაც, ასევე, დგება პასუხისმგებლობა.
ამიტომაც, აფგან სადიგოვის საქმეში საქართველო უკვე იყო სტრასბურგის სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო ფორსირებულმა, რამდენიმე საათში ინიციირებულმა და გვიან ღამის საათებში ჩატარებულმა სასამართლო პროცესმა, რომელმაც უგულებელყო ეს კონტექსტი და კონვენციის სტანდარტები, სწორედ იმ „ფორმალურ-სამართლებრივი“ ილუზიის შექმნა სცადა, რასაც ევროპული კონვენცია ეწინააღმდეგება“, – წერს ონიანი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს:















