თავისუფლების დასაცავად, სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი – ოპოზიციის ალიანსი

თავისუფლების დასაცავად, სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი – “ოპოზიციის ალიანსი” 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

“9 აპრილი საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღეა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა, გმირული თავგანწირვითა და ბრძოლით, დაიბრუნეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად, დაასრულეს საბჭოთა ოკუპაცია. ამ დღის შემდეგ, კომუნისტური პარტია საქართველოში საბოლოოდ გადატყდა და მზადება დაიწყო ეროვნული დამოუკიდებლობის აღსადგენად. და საბოლოოდ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს 3.3 მილიონმა მოქალაქემ ერთხმად დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობის აღდგენას.

35 წლის წინ, ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით გადაწყდა საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხის ერთსულოვანმა ნებამ უნდა გადაარჩინოს დამოუკიდებლობა ოლიგარქი ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან – ახლა! საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია, რადგან ის ივანიშვილის რუსულ დიქტატურაში ვერ გადარჩება”. – წერს ოპოზიციის ალიანსი.

ალიანსის განცხადებით, თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად “სასიცოცხლოა ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი”.

“საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ გადარჩება, თუ ის რუსეთის პირისპირ სრულად დაუცველი, მარტო დარჩა. თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად, სასიცოცხლოა რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი, რომელმაც ქვეყანა თავისუფალი სამყაროსგან იზოლაციაში მოაქცია.

სწორედ ამიტომ, ოპოზიციის ალიანსი მასშტაბურ შეკრებას ვაანონსებთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რათა 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის მსგავსად, დამოუკიდებლობის იდეის გარშემო ეროვნული მობილიზაციის პროცესი დავიწყოთ, რომელიც საბოლოოდ წააქცევს მოღალატე რეჟიმს და ქვეყანას განვითარების ისტორიულ გზაზე დააბრუნებს”. – წერია ოპოზიციის ალიანსის განცხადებაში.