1961-62 წელს გეოლოგებმა შოვში ბანაკიც კი არ გააკეთეს, მდინარე წაგვლეკავსო – რა ისტორიას იხსენებს პროფესორი ზურაბ ჯავახიშვილი

ზურაბ ჯავახიშვილი, პროფესორი გეოფიზიკის მიმართულებით და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი-ის დამაარსებელი სოციალურ ქსელში 1961-1962 წლებში, მამამისის, გეოლოგ შოთა ჯავახიშვილის რაჭის გეოლოგიურ ექსპედიციას იხსენებს და წერს:

”ბუნებრივი კატასტროფები ხდებოდა, ხდება და მოხდება – იქ სადაც ლამაზი მთები, ხეობები, ჩქარი მდინარე და თვალწარმტაცი ბუნებაა – არის რისკიც, ღვარცოფი, მეწყერი, წყალმოვარდნა და ა. შ. ამ ყველაფრისაგან ერთადერთი დაცვა კი ამ სართხეების ცოდნა, რისკის შეფასება და მისი სწორი მართვაა.

1961 თუ 1962 წელს, მამაჩემი, გეოლოგი შოთა ჯავახიშვილი იმ დროისათვის გეოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი მონაწილეობდა რაჭის გეოლოგიურ ექსპედიციაში. თავდაპირველად მას უნდა შეერჩია ადგილი ბანაკისათვის. სოფელ გლოლაში მას ურჩიეს ბანაკი შოვში მდინარის პირას გაეკეთებინათ.

მამაჩემმა ეს ადგილი დაიწუნა, თქვა – აქ დარჩენა როგორ შეიძლება, მდინარე წაგვლეკავსო და წაიყვანა ექსპედიცია სოფელ გლოლაში. შემდეგ ესპედიციას ესტუმრა გეოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელობაც, მათ შორის ბატონი ალექსანდრე ჯანელიძე (ქართული გეოლოგიის მამა), ის ბევრი საკითხით დაინტერესდა და მათ შორის შოვთან დაკავშირებული ბუნებრივი საფრთხეებით, მოინახულა ეს ადგილები ადგილები და ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველა დონეზე გააცნო რისკები, რომ იქ არაფრის აშენება შეიძლებოდა – პასუხი კი იყო, აქ ხალხი შიმშილობს, კატასტროფა კი რაზეც საუბრობთ, შეიძლება 100 წელიც არ მოხდეს… და აშენდა “ტურბაზა” შოვში, იმ ნაცნობ რისკებზე და იმ დაშვებებით, რომ პრობლემა ან დადგება ან არა… გაგრძელდა მშენებლობა და არვის ამ რისკებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, არავინ გაუფრთხილებიათ, მეცნიერებისთვის არავის მოუსმენია – არადა კატასტროფა მოულოდნელი არ ყოფილა…

ეს ისტორია კი 92 წლის დედაჩემმა გაიხსნენა, შენ არ გემახსოვრება 3-4 წლის იქნებოდიო (რა თმა უნდა, მე ეს არ მახსოვდა და დედაჩემის მონაყოლს უცვლელად გთავაზობთ, მხოლოდ ტერმინები საფრთხე და რისკი დავაზუსტე).”- წერს ზურაბ ჯავახიშვილი.

კატასტროფა რაზეც საუბრობთ, შეიძლება 100-წელიც არ მოხდესო..- წერს ზურაბ ჯავახიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა. დღეს, 5 აგვისტოს, მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს – ბოლო მონაცემებით, სტიქიას ჯამში 15 პირი ემსხვერპლა.5 აგვისტოს დილის მონაცემებით, ნაპოვნი ცხედრებიდან იდენტიფიცირებული იყო 6 – მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ცხედრები დაზიანებულია, ამოცნობისთვის ჩატარდება დნმ-ის ანალიზი.  ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 20-ზე მეტ ადამიანს