პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია არჩევნების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს და 2 ოქტომბრის არჩევნებს აფასებს.
მისი თქმით, ბოლო 4 თვის განმავლობაში ქართული ოცნება სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კონტროლირებადი მედიის გამოყენებით, სისტემურად და ღიად, ამომრჩეველთა დაშინების მიზნით, მათ მხარდამჭერებზე ზეწოლას ახდენდა.
“ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა იყო, ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის შეზღუდვა იყო. არჩევნების წინა დღეს კი ჩვენ ვიხილეთ გასაოცარი მასკარადი, რომელმაც მიზნად დაისახა ჩვენი ამომრჩევლების არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა. ეს იყო წარსულის ორი პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილი ერთობლივი სპეცღონისძიება, რომლის მიზანიც იყო, შეცდომაში შეეყვანა ჩვენი ამომრჩეველი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელმაც ერთპიროვნულმა მმართველმა დაგეგმა”,– ამბობს გახარია ბრიფინგზე.
მისივე განცხადებით, არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, კარუსელებს.
“ამიტომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა, საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია”,– აღნიშნავს გახარია.