2 საათი დასჭირდა სასწრაფო დახმარებას ადგილზე მისასვლელად – ვაშაძე ავტოკატასტროფაზე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე შატილის გზაზე მომხდარ ავარიას ეხმიანება და ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას ავარიის ადგილზე მისასვლელად 2 საათი დასჭირდა.

გიორგი ვაშაძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ხელისუფლება პირველ რიგში სისტემის გაუმჯობესებაზე უნდა მუშაობდეს.

“ამ უმძიმესმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად გაუმართავია სისტემა, რომელმაც უნდა დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. 2 საათი დასჭირდა სასწრაფო დახმარების მანქანას რომ მისულიყო შემთხვევის ადგილზე.

მთა-გორიან საქართველოში, ფაქტობრივად, ჩვენ არ გვაქვს აწყობილი სისტემა და ამაში პირველ რიგში დამნაშავეა ჯანდაცვის სამინისტრო. ხელისუფლება, რომელიც გამართულ სისტემაზე უნდა მუშაობდეს. არაპროფესიონალიზმი, არაკვალიფიციურობა, ზედაპირულობა ყველა საქმეში, რომელსაც მოაქვს ეს უზარმაზარი ტრაგედიები და პრობლემები”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გადაუდებელმა დახმარების ცენტრმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება ამბობს, რომ სასწრაფო დახმარება გამძახებიდან 2 წუთში გავიდა, თუმცა არ ასახელებენ ადგილზე მისვლის დროს.

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის კლდიდან გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა – 3.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.