2-წლიანი პატიმრობა – სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომას ზვიად რატიანი არ დასწრებია – თავისივე სურვილით.

9 ოქტომბრის განაჩენით, მოსამართლემ ზვიად რატიანის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევად შეაფასა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.მოსამართლე გიორგი გელაშვილის განმარტებით, სასჯელი უნდა ემსახურებოდეს მიზანს, ამიტომ ჯარიმა “არაპროპორციული იქნებოდა”.

ზვიად რატიანს, მზია ამაღლობელის მუხლის მსგავსად შეუცვალეს – პოლიციელზე თავდასხმის ნაცვლად დამნაშავედ ცნეს პოლიციელისადმი წინააღმდეგობაში და 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

რატიანი აცხადებს, რომ ეს იყო „სიმბოლური ჟესტი, ერთგვარი პერფორმანსი იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება“. ზვიად რატიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სინდისი ქენჯნიდა, რადგან პროევროპული პროტესტის არაერთი მონაწილე ციხეში იჯდა, თავად კი თავისუფალი იყო.