2 კვირის ვადა მიეცით, თუ ვერ გააკეთებს, შეგიძლიათ გააგდოთ, ისე „გააშავოთ“, რომ ვერც ერთ ტენდერში მონაწილეობა ვერ შეძლოს – კალაძე მუხიანში სკვერის მომუშავე კომპანიაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ის კომპანია გააკრიტიკა, რომელსაც მუხიანში, მეოთხე A მიკრორაიონში სკვერის სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობა უნდა მიეღო. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები არათუ არ დასრულებულა, „არამედ ადგილი სანაგვედ არის ქცეული“.

მან გამგებელსა და თბილისის საქალაქო სამსახურს დაავალა, აღნიშნულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად ორკვირიანი ვადა მიეცეს.

„მინდა შევეხო ერთ კონკრეტულ თემას. მუხიანში, კონკრეტულად, მეოთხე A მიკრორაიონში, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დასრულებულიყო პატარა სკვერის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 1000 კვ.მეტრამდეა. ყველა გარემოება მესმის – პანდემია, შეზღუდვები, მაგრამ ამ რთულ ვითარებაშიც ჩვენ არავის გაგვიჩერებია არანაირი მუშაობა, ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოები. შეიძლება იმ ტემპით ვერ მიმდინარეობდა სამუშაოები, როგორი მოლოდინიც გვქონდა, როგორიც წლის დასაწყისში იყო, მაგრამ სამუშაოები არცერთ პროექტზე არ შეჩერებულა, ყველგან მუშაობა მიმდინარეობდა. ეს კონკრეტული პროექტი დიდი ხნის განმავლობაში უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, დღეს კატასტროფული მდგომარეობაა. აბსოლუტურად მიგდებული, ყურადღებას არავინ აქცევს, ეს კონკრეტული კომპანია არ ვიცი საერთოდ რას ფიქრობს. დღეს არის მიტოვებული სამუშაოები. სკვერი, რომელიც დღეს დასრულებული უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად, სანაგვედ არის ქცეული, წყალი დგება. არ ვიცი, ადამიანმა როგორ უნდა დაისვენოს, რა დასვენებაზე არის ზოგადად საუბარი, გავლაც კი შეუძლებელია. მინდა გამგებელსაც დავავალო, ეს თქვენი პროექტია, დაიბარეთ ეს კონკრეტული კომპანია დღესვე, ჩართეთ ჩვენი საქალაქო სამსახური, ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, შენც დაესწარი ამ შეხვედრას, დაიბარეთ ეს კომპანია, მიეცით 2 კვირის ვადა. 2 კვირის განმავლობაში, თუ ეს პროექტი არ დასრულდება, შეგიძლიათ გააბრძანოთ. ასეთი კომპანიები მუნიციპალიტეტისა და გამგეობების ტენდერებში მონაწილეობას ვერ უნდა იღებდნენ. ჩვენ გასული წლების განნავლობაში ძალიან ბევრი კომპანია „გავაშავეთ“, ის კომპანიები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა ფეხებზე დაიკიდონ. ჩვენ თავზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, ეს არის არის ნორმალური და ჯანსაღი დამოკიდებულება. თუ არ გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტული პროექტი განახორციელო, მაშინ არც ტენდერში არ უნდა შემოხვიდე და მონაწილეობა არ უნდა მიიღო. თუ ვინმე კომპანიას ჰგონია, რომ გამგეობის ტენდერში სამუშაოები ვერ შევასრულე, მერე რა, სხვა ტენდერებში მივიღებ მონაწილეობასო, ძალიან ცდება. ბოლომდე ჩავყვებით ყველას. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქალაქის მოსახლეობა ფეხებზე დაიკიდოს.

დღესვე დაიბარეთ ეს კომპანია და ორი კვირის ვადა მიეცით, თუ სამუშაოებს ვერ გააკეთებს, შეგიძლიათ გააგდოთ, პირდაპირ ამ სიტყვების მნიშვნელობით და ისე „გააშავოთ“, რომ საქართველოში ვერცერთ ტენდერში მონაწილეობა ვერ შეძლოს“,- განაცხადა კალაძემ.