“2 ოქტომბრამდე ენმ-ის არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია”- ამის შესახებ ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ ინიციატივას პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებასთან დაკავშირებით.
„2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება. მანამდე ველზე სამუშაო ძალიან ბევრია. ორი ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩაინიშნება ახალი არჩევნები და აუცილებლად ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, იქ ნამდვილად უნდა გაიმართოს ყველა დისკუსია, შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისიები, თუ საჭირო იქნება და ა.შ. 2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია.
უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი, რაიონებში ველად არიან გასულები და თითოეული დღე არის საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ეს ადამიანები აქტიურ მუშაობას მოწყდნენ, თბილისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. 2 ოქტომბერს გადაწყდება ყველაფერი“, – თქვა ნიკა მელიამ.