თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში 2 ძალიან მძიმე პაციენტი მკურნალობს, 7-ს კი მძიმე პნევმონია აქვს.
მისი თქმით, 2 მძიმე პაციენტთან უკვე მე-3 დღეა სტაბილური სიტუაციაა და იმედოვნებს, რომ მათი მდგომარება დინამიკაში გაუმჯობესდება.
,,ამ ეტაპზე ჩვენთან 37 პაციენტი მკურნალობს. რამდენიმე დღეა გახსენებთ, რომ გვყავს 2 ძალიან მძიმე, ანუ პრობლემური პაციენტი და დაახლოებით, 7 პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით. ამ 2 მძიმე პაციენტთან უკვე მესამე დღეა სტაბილური სიტუაციაა და ალბათ, ისინი ამ ძალიან მძიმე პაციენტების სტატუსიდან გადმოვლენ მძიმე პაციენტების სიაში და მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდება და დადგება გამოჯანმრთელდება”, – თქვა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება 30 ახალ ინფიცირებულს, ეზუგბაიას ინფორმაციით, მიმდინარეობს მათი წყაროების მოძიება და ეპიდკონტროლი.
,,ჩემთვის ეს პაციენტები ცნობილი არ არის. წყარო ყველგან დადგენილი არ არის. თუ ეს 30 შემთხვევა სცილდება ამ ძველ კლასტერებს და არის ახალი კლასტერები, იმედია, რომ ამ ახალ კლასტერებსაც შემოვღობავთ, არ მივცემთ საშუალებას გავრცელდეს და გავრცელებამ მიიღოს დაუძლეველი ხასიათი. 30 არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. ჩვენ უკვე მეორედ გვაქვს 30, თუ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, რომ ამ კონტროლირებადი, ზომიერი მატებით ქვეყანაში რყევები არ გვექნება”, – თქვა ეზუგბაიამ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.