20 ივნისს დაშავებულ ვახტანგ ბერიკაშვილს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულ მოქალაქეს სტატუსი 2 წლისა და 5 თვის შემდეგ მიანიჭა.

“შსს-ს მიერ 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბევის შედეგად ვახტანგ ბერიკაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები სპეცრაზმელების მიერ ნასროლი სავარაუდოდ პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიისაგან, რომელიც მისი სხეულიდან – მხრის მიდამოდან  ამოიღეს სამედიცინო დაწესებულებაში. მისი სხეულიდან ამოღებული ტყვიის კადრი მედიაშიც არაერთხელ გავრცელდა, რითაც დასტურდებოდა დემონსტრანტებზე სასტიკად მოპყრობის ფაქტი. მიყენებული ჭრილობის გარდა, ვახტანგ ბერიკაშვილმა განიცადა ძლიერი ემოციური სტრესი, როდესაც ხედავდა, სამართალდამცავები როგორი დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს.

პოლიციამ რეზინის ტყვიები საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენა ისეთ ვითარებაში, როცა მისი უკიდურეს ღონისძიებად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა და თანაც, რაც მთავარია – გამოიყენა იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთაგანაც კონკრეტულ/ინდივიდუალურ შემთხვევებში ძალადობის თუ სხვაგვარი ძალადობრივი ქმედებების რეალური და მყისიერი საფრთხე არ არსებობდა”,- ნათქვამია განცხადებაში.