20 მაისიდან თურქეთი 31 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საზღვრებს ხსნის. ნახეთ, რა შემთხვევაში შეძლებთ თურქეთში შესვლას

 

20 მაისიდან თურქეთის საზღვრები 31 ქვეყნის მოქალაქეებისთვის იხსნება, თუმცა თავიდან ქვეყანაში ჩასვლა მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის არის დაშვებული და არა დასასვენებლად.

იმისათვის, რომ ამ ქვეყნების წარმომადგენლები თურქეთში მოხვდნენ, რა თქმა უნდა მათი ქვეყნების საზღვრებიც უნდა გაიხსნას და ავიამიმოსვლა აღდგეს, რაც ჯერჯერობით ჩამოთვლილ ქვეყანათა დიდ ნაწილში ჯერჯერობით არ იგეგმება.

ქვეყნების ჩამონათვალში არიან: რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქმენეთი, უზბეკეთი, ასევე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანა.

ზღვისპირა დასვენება სტუმრებისთვის ჯერჯერობით დაუშვებელია. თურქეთი მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო პროფილით სამკურნალოდ ჩასულ პაციენტებს მიიღებს. ესენია: ორთოპედია, ტრავმატოლოგია, ზოგადი და ბავშვთა ქირურგია, უროლოგია, ოფთალმოლოგია, კარდიოლოგია, გულ–სისხლძარღვთა ქირურგია, ონკოლოგია, ნეიროქირურგია, ჰემატოლოგია, ინტენსიური თერაპია და რეპროდუქტიული თერაპია.

უცხოური რეისები მხოლოდ სტამბოლის და ანკარას აეროპორტებიდან შესრულდება. პაციენტთან ერთად ქვეყანაში ჩასვლა ორ თანმხლებ პირს შეუძლია. საზღვარზე მათ უნდა წარადგინონ ცნობა, რომ კორონავირუსი არ აქვთ  ან უკვე მოიხადეს, ან თურქეთში ჩასვლისას  უნდა გაიარონ ფასიანი ტესტირება. ქვეყანაში შესვლისა და სასაზღვრო კონტროლის შემდეგ პაციენტები და მათი თანმხლებნი პირდაპირ კლინიკაში უნდა წავიდნენ და მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში მის ტერიტორიაზე უნდა დარჩნენ.

უცხოელების მკურნალობისთვის თურქეთის საავადმყოფოებში სპეციალური ზონები გამოიყო – ცალკე სართული ან ცალკე ფლიგელი.