20/30-იანელებმა რუსთაველის თეატრთან ბიძინა ივანიშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს.
“ივერიამ საკმარისად იძინა, საქართველოს გააღვიძებს ბიძინა”-წერია ვარსკვლავზე.
“შეხედეთ რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა იმიტომ, რომ დღეს ბატონი ბიძინას დაბადების დღეა. მინდა მივულოცო დაბადების დღე, ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და დღეგრძელობა. როგორც იცით, ქართული კულტურა ბატონი ბიძინას წყალობით ცოცხლობს, ის უხდის მსახიობებს ხელფასებს, გაზის ფულს, დენის ფულს, ისინი კი მხოლოდ ერთმანეთს უხსნიან ვარსკვლავებს და ბატონი ბიძინა სულ დაივიწყეს, ამიტომ ჩვენ დღეს გავუხსენით ბატონ ბიძინას ვარსკვლავი, რადგაბ ის ამას ისევე იმსახურებს, როგორც მთაწმინდაზე დაკრძალვას” – ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ნადარაია.
პერფორმანსს ადგილზე ხმაური მოჰყვა. ვარსკვლავის გახსნის შემდეგ, ადგილზე, რუსთაველის თეატრის წარმომადგენელი მივიდა, ბიძინა ივანიშვილის სახელობის ვარსკვლავი ააძრო და გადააგდო.
ცნობისთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. აქტივისტების საჩუქარიც სიმბოლურად სწორედ ამ დღეს ეძღვნებოდა.
შეგახსენებთ, მანამდე 20/30–იანელებმა ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს.