,,ევროპული საქართველოს” ლიდერი სერგი კაპანაძე 20-21 ივნისის ღამის მოვლენებზე სახალხო დამცველის შუალედურ ანგარიშის იმ ნაწილს ეხმიანება, რომლითაც ირკვევა, რომ ,,გავრილოვის ღამეს” რეზინის ტყვიების დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენება მაშინდელი შს მინიტრის გიორგი გახარიას და მისი მოადგილეების ბრძანება არ ყოფილა.
მისი თქმით, ომბუდსმენის ანგარიშმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა რაციების ჩანაწერების ნაწილში.
,,აშკარაა, რომ გამოძიებამ ან დამალა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ბრძანება იყო გაცემული, ან ჩანს, რომ მოსახლეობაზე მიტანილი შტურმი, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენება, გაზის გამოყენება, ხდებოდა ბრძანების გარეშე. ბუნებრივია, ეს იწვევს კითხვას: რატომ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა? ამ მოხსენებაში კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში გამოუძიებელი საქმეები, შს სამინისტრო და ზოგადად სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებულია არა ხალხის, არამედ მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ,”- განაცხადა კაპანაძემ.
20-21 ივნისის მოვლენებზე სახალხო დამცველის 2 აპრილს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშის მიხედვით, მაშინდელი შს მინისტრის გიორგი გახარიას და მისი მოადგილეების – კახაბერ საბანაძის და ვლადიმერ ბორცვაძის ჩვენებების თანახმად, ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებით მოხდა, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ.
ანგარიშის მიხედვით, რაციების ჩანაწერითაც დასტურდება, რომ შს მინისტრს აქციის დაშლის პერიოდში რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა არ გაუცია. თუმცა, სახალხო დამცველის განცხადებით, მისი რეკომენდაცია რაციების ჩანაწერების ექსპერტიზის შესახებ, პროკურატურამ არ შეასრულა.