ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების პარტიული ყრილობა 20 ივნისისთვის ჩაინიშნა. ამ ყრილობაზე მოხდება საკადრო ცვლილებები, სადაც ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს.
რაც შეეხება კობახიძეს, ასევე ფორმულას ინფორმაციით, ის საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს.
ინფორმაციას არ ადასტურებენ პარტიის ლიდერები.
“არ გამაგიჟეთ, ვინ ატარებს არჩევნების წინ ყრილობას? არჩევნებამდე არავითარი ყრილობა არ იქნება”, – ამბობს კობახიძე.
თალაკვაძის განცცხადებით, კი კობახიძე პარტიის თავმჯდომარეა და ის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.
“არ არის ეს სწორი ინფორმაცია, არც გადარჩევა იგეგმება. ირაკლი კობახიძე გახლავთ პარტიის თავმჯდომარე და ის უხელმძღვანელებს საარჩევნო შტაბს”, – თქვა თალაკვაძემ.
ფორმულა ჯერ კიდევ 5 აპრილს ამბობდა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე კობახიძეს ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. მოგვიანებით, 21 მაისს ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიყვანენ.
ფორმულას ინფორმაციით, საკადრო ცვლილება ივლისში იგეგმება, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, თამაზ ცაბუტაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება, კობახიძის კანდიდატურას კი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარადგენს. ცაბუტაშვილი სასამართლოში პრეზიდენტის კვოტით მოხვდა, შესაბამისად მისი შემცვლელიც სალომე ზურაბიშვილმა უნდა წარადგინოს.