20 ივნისს დაზარალებულები სამშაბათს, კანონის განხილვისას პარალელურად აქციას გამართავენ

2019 წლის 20 ივნისს დაზარალებული მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის შესახებ კანონი მათთვის მიუღებელია. ისინი სამშაბათს, როცა პარლამენტი კანონის განხილვას დაიწყებს, პარალელურად საპროტესტო აქციას გამართავენ.

“ჩვენთვის, ანტისაოკუპაციო, მშვიდობიან აქციაზე დაზარალებული დემონსტრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ სამშაბათს მოხდეს მიღება და ინპლემენტირება ამნისტიის კანონის, რომელიც გათვალისწინებულია მედიაციის შედეგად მიღებული დოკუმენტით.

ჩვენი აზრით, ეს კანონი არის როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სამართლებრივი პრინციპების დარღვევა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას ქვეყნის შიგნით ან გარეთ ჰქონდეს იმის საშუალება ან სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური უფლება, რომ გადაწყვიტოს ის საკითხები, რომლებიც ეხება ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს”, — განაცხადა აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.