200 მილიონის ნაცვლად 80 მილიონის გადახდაზეა საუბარი – თურნავა წაგებულ დავაზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ეხმიანება რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავის წაგებას. მისი თქმით, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბირტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები და 200 მილიონის ნაცვლად 80 მილიონის გადახდაზეა საუბარი, ჩვენ მაშინაც ვთვლიდით და ახლაც ასე მიგვაჩნია, არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არ გავზარდოთ გადასახდელი ტარიფები მოსახლეობისთვის.

ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკ-ის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიზე დაყრდნობით. ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო. ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე“, – თქვა თურნავამ პირველი არხის ცნობით.

ცნობისთვის, საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა წააგო, რის გამოც, ქართულმა მხარემ კომპანიას კომპენსაციის სახით 80.5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.