200-200-ზე რომ ჩხუბობს და მსხვერპლი არ არის, ის წარმატებული ოპერაციაა – ხვიჩია დმანისზე

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია გუშინ, დმანისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერაციას წარმატებულად მიიჩნევს, რადგან მოქალაქეების დაპირისპირებას მსხვერპლი არ მოჰყვა.

მისი თქმით, სინამდვილეში არავინ იცის, რატომ ჩხუბობდნენ ადამიანები და სწორედ ეს არის გასარკვევი.

“ჩვენ რაღაცა არ ვიცით, ჩვენ ამ წუთას ვართ ხელისუფლების კრიტიკაზე, გასაკრიტიკებლები არიან, კაცო, აქამდე რომ მივიდა საქმე. ოღონდ მასე არა 200 კაცი რატომ არ დაიჭირეთ ერთ დღეშიო, ასე არ ხდება აქამდე მისული საქმის მოგვარება. ერთი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ოპერაცია უმსხვერპლოდ დაასრულა, მათი კრიტიკა ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. პრობლემა იმაშია, აქამდე როგორ მივიდა საქმე. 200 კაცი რომ 200-ზე ჩხუბობს და იქ მსხვერპლი არ იქნება, ის წარმატებული ოპერაციაა, აქ თავის მოტყუება სისულელეა. ისე ვლაპარაკობთ ძალიან სერიოზულ ამბავზე, რომ არ ვიცით, რატომ ჩხუბობდნენ”,- თქვა ხვიჩიამ ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, გუშინ დმანისში ადგილობრივი ეთნიკურად აზერბაიჯანელები და ქართველები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი ხელკეტებით, ბეისბოლის ბიტებით და სხვა ნივთებით იყვნენ შეიარაღებული. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ჩავიდა შს მინისტრიც.

ადგილობრივების თქმით, კონფლიქტი 16 მაისს დაიწყო, როდესაც აზერბჯაინელმა მაღაზიის მეპატრონემ რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის “ნისიად” მიცემაზე უარი უთხრა.

გუშინ დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ.