დღეს ოპოზიცია გაყალბებულ არჩევნებს მასშტაბური აქციებით გააპროტესტებს, რომელიც როგორც თბილისში, ასევე ბათუმში ჩატარდება. ამის პარალელურად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2007 წლის 7–8 ნოემბრის მოვლენებს იხსენებს.
განცხადებაში, რომელიც უნივერსიტეტმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა, წერია, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა 8 ნოემბერს მათი უნივერსიტეტი დაარბია და აუდიტორიებში ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
“2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმა საპროტესტო აქციით სოლიდარობა გამოუცხადა 7 ნოემბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, რომლის შემდეგაც ძალოვანმა სტრუქტურებმა ბსუ-ში ოპერაცია განახორციელეს. სპეცრაზმელები უნივერსიტეტში შემოიჭრნენ, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაარბიეს, ხელკეტებით ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აუდიტორიებში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რამდენჯერმე წერილობით მიმართა შესაბამის სამსახურებს მომხდარის გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასასჯელად”,– წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.
დღეს 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები პარლამენტთან აქციას გამართავენ. ისინი გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.