ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის, დიზაინერ ანუკი არეშიძის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს. ამის მიზეზი კალაძის ჰომოფობიური განცხადებაა, რომელიც მან თბილისის მაკდონალდსთან დაკავშირებით გააკეთა. თბილისის მერმა მაკდონალდსის საბავშვო მენიუზე თანდართულ ბროშურას Happy Meal Readers-ს “სიბინძურის პროპაგანდას” უწოდა იმის გამო, რომ ბროშურაში ცნობილი მომღერლის, ელტონ ჯონის ცხოვრებაზე და კარიერაზეა მოთხრობილი. ამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ანუკი არეშიძემ უნდა უპასუხოს კითხვას, ეთანხმება თუ არა მისი ქმრის მოსაზრებებს.
“ანუკი არეშიძემ უპასუხოს კითხვას, ეთანხმება თუ არა თავის ჯაგა ქმარს, რომ ელტონ ჯონის ცხოვრების ამბავი სიბინძურეა. კალაძის განცხადებას უნდა ავაკრა და ყველა გეი (ანუ ყველა) დიზაინერთან გავაგზავნო, ვისაც ეტენებიან უსაპნოდ. იცოდნენ, რომ ამ ვიღაც გორსალა ნუვო რიშებს ბინძურებად მიაჩნიათ, სანამ შეიტენიან”. – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
კალაძე ჩერგოლეიშვილის სტატუსს გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი ოჯახის წინააღმდეგ კამპანიაა აგორებული. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორე ჰომოობიური განცხადება:
“ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანია პირველი შემთხვევა არ არის, ხშირია, როდესაც პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მიმართ მსგავსი კამპანია და ბულინგი ხორციელდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ბავშვებში LGBT პროპაგანდა არის ძალაინ დიდი სიბინძურე და კატეგორიულად მიუღებელი. საქართველოში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ ადამიანებს არავის დაცვა არ სჭირდებათ, რადგან ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად, მათ იცავს კანონი და სახელმწიფო.
რაც შეეხება კამპანიას, ის ჩემი მეუღლის წინააღმდეგ წამოიწყო ქალბატონმა, რომელიც ვითომ “იცავს” ამ ხალხის უფლებას და იცავს ვისგან? – ჩემგან და ჩემი მეუღლისგან. ეს სამწუხარო რეალობაა. ყველა ხედავს, ვინ არის ეს ადამიანი. მისი მეუღლე წლების განმავლობაში იყო ნაციონალური მოძრაობის მთავარი იდეოლოგი. ის სიბინძურე, ბოროტება, რაც ხდებოდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში 2012 წლამდე, ამ ყველაფრის მთავარი იდეოლოგი იყო მისი მეუღლე. არ ვიცი, რამდენი ფაქტი ჩამოვთვალო: ოჯახსების გაუბედურება, მკვლელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა, შეურაცხყოფა. გახსოვთ, ოდესმე გამოსულიყო და დაეგმო ეს ყველაფერი? დღეს ეს ადამიანი გამოდის და ვითომ იცავს ადამიანის უფლებებს და იცავს ჩემგან და ჩემი მეუღლისგან. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა არ მიკვირს, რადგან ისინი აგრძელებენ ყველაფერ იმას, რასაც აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დღეს რა რესურსი და შესაძლებლობაც აქვთ, იმას აკეთებენ – ცდილობენ, დააბულინგონ ადამიანები, შეუვარდნენ ოჯახებში, შეურაცხყოფა მიაყენონ და ა.შ. საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს”. – ამბობს კალაძე.
კალაძის ამ კომენტარს თამარ ჩერგოლეიშვილის კიდევ ერთი სტატუსი მოყვა, რომელშიც ის თბილისის მერს უხსნის, რატომ არის საინტერესო ანუკი არეშიძის აზრი და ახსენებს იმასაც, რომ კალაძემ გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი 2008 წელს საახალწლო სუფრაზე დაპატიჟა და ამ სუფრაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს: