2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლდება – ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლების აქცია დააანონსა. ამის შესახებ რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა,

“2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შემდეგაც მოქალაქეები შეძლებენ სწრაფად და შეუზღუდავად სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას”, – თქვა ბრეგაძემ.

2023 წლის 11 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონში ცვლილება განიხილა. პროექტის თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.