“2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული” – ასე გამოეხმაურა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ტვ „პირველის“ ეთერში გასული გადაცემის ანონსს, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელეკომპანიამ მოიპოვა ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.
“ცუდ ვითარებას, რაც მათ ბუნაგში შეიქმნა, რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. წარმოიდგინეთ სურათი, რომ ადამიანები, ვინც ბერას შეურაცხყოფას აყენებენ, ან რატომ უნდა მიაყენონ ბერას შეურაცხყოფა, ანზორ ჩუბინიძის მიერ არიან დევნილები, ქუჩაში დასდევს ან ხოცავს ან ფიზიკურად უსწორდება… დაახლოებით ეს არის შინაარსი, რაც გამოაქვეყნა წინსწრებით ერთ-ერთმა ტელევიზიამ. სამწუხაროა, რომ ამ “ფეიქ” ინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, მათ პერიოდში არც ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს, არც აწამებდნენ. იქნებ ამით მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ იმ უაზრო აქციებზე, რასაც ატარებენ და ეძახიან რაღაც დემოკრატიისთვის ბრძოლას. ეს არის შინაარსი, რასაც ჩვენ ვუყურებთ დღეს და სამწუხაროა, რომ ამ “ფეიკის” მომზადებაში იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებსაც კარიერა და ცხოვრება წინ აქვთ და გაცილებით უფრო საინტერესო სიუჟეტების მომზადებაც შეუძლიათ თავისი ინტელექტუალური დონიდან გამომდინარე”,- განაცხადა ვოლსკიმ.