2013-2021 წლებში საპატრიარქომ ბიუჯეტიდან 225 000 000 ლარი მიიღო – ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 2013-2021 წლებში საპატრიარქოს დასაფინანსებლად 225 000 000 ლარი გამოიყო. საპატრიარქო ყოველწლიურად იღებს 25 მილიონ ლარს, თუმცა გარდა ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფილი 25 მილიონისა, საპატრიაქროსთვის დამატებითი თანხები გამოიყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდებიდან.

TDI-ის კვლევის თანახმად 2013-2019 წლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან, ისევე როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდებიდან საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხების საერთო მაჩვენებელმა 206 594 664 ლარი შეადგინა. საშუალოდ, წლის განმავლობაში, საპატრიარქო სახელმწიფოსგან არა 25 მილიონი ლარით, არამედ 29 513 523 ლარით ფინანსდებოდა.

“2013-2021 წლებში საპატრიარქოს დაფინანსება 4-ჯერ აღემატებოდა სახალხო დამცველის დაფინანსებას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას უწყობს ხელს.

სახელმწიფოს მიერ საპატრიაროსთვის გადაცემული უძრავი ქონების ფართობი უფრო დიდია ვიდრე მონაკოს, ვატიკანის, ნაურუსა და ტუვალუს ფართობი ერთად აღებული.

სხვადასხვა დროს ეკლესია 44 კომერციულ ორგანიზაციას ფლობდა, რომელთა საქმიანობაც მათ შორის ნავთობის იმპორტთან და ალკოჰოლის წარმოებასთან იყო დაკავშირებული”,– აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.