„ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. უმრავლესობის სხდომამდე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. განსახილველი საკითხები წინასწარ ოფიციალურად არ გაცხადებულა. სხდომის დამთავრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხები განიხილეს და პარტიის წევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო, პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები და დამოკიდებულება.
„ქართულმა ოცნებამ“ გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, როგორც პოლიტსაბჭოს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე „მმართველი გუნდის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები განიხილეს“.
„პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გუნდის წევრებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული“, – აცხადებენ მმართველ გუნდში.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სხდომაზე ყურადღება დაეთმო მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებულ „კონკრეტულ ინიციატივებსა და რეფორმებს“.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც და პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეზეც ისაუბრეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის მეთაურმა და პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც კორუფციის ახალი ბრალდებაც აქვს წარდგენილი, და კორუფციისთვის დაკავებულ სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს, კობახიძის თქმით, ივანიშვილისთვის მომხდარი „გულსატკენია“.
„არიან მათ შორის ადამიანები, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. არსებითად ამაზე იყო საუბარი.
ჩვენთვის ყველასთვის და მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები, როდესაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის. ეს არის პირველ რიგში გულსატკენი და ეს გულის ტკივილი გამოითქვა, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. სამწუხაროა, რაც მოხდა. ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა“, – თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, ღარიბაშვილის ციხიდან რაიმე ფორმით გათავისუფლებაზე „საუბარი არ ყოფილა“.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეს, კობახიძეს მის შესახებ ვრცელი განმარტება არ გაუკეთებია.
„მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან არის გასული. კითხვები ისმება ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით. მე მგონი არასწორია ამ საკითხის ზედმეტად წინ წამოწევა, როდესაც ადამიანი პოლიტიკიდან გასულია. მე ვერ ვხედავ კითხვებისთვის საფუძველს“, – თქვა კობახიძემ.
მან არ უპასუხა კითხვას, მეგობრობს თუ არა მდინარაძესთან. აღნიშნა მხოლოდ ის, რომ მასთან „პერიოდულად აქვს კომუნიკაცია“.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი მდინარაძის წინააღმდეგ რაიმე „სამართლებრივი პროცესი“ და გულისხმობდა თუ არა „ქართული ოცნების“ წევრი დიტო სამხარაძე საკუთარ პოსტში მდინარაძესაც, როდესაც პარტიაში გამოვლენილ „ვირთხებზე“ წერდა, კობახიძემ უპასუხა:
„ვინ რა ამოიკითხა, არ ვიცი. რაც შეეხება თქვენს მინიშნებას, ამას არავითარი საფუძველი არ აქვს, ეს შემიძლია გითხრათ“.
კობახიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზეც ილაპარაკეს და ქართული ოცნება ამ საკითხში უკან არ დაიხევს. კობახიძე ამბობს, რომ ეს არის სამართლებრივი საკითხი და არა პოლიტიკური და ამ საკითხის პოლიტიზება არ შეიძლება.
დღესვე მიიღეს საკადრო გადაწყვეტილება: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შევიდნენ.


