უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ავტორიტეტულ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ენერგეტიკულ ზავსა და ვაშინგტონთან არსებულ ურთიერთობებზე. უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორებს შორის ურთიერთობა გამჭვირვალობასა და პატიოსნებაზე უნდა იყოს დამყარებული.
ინტერვიუში ზელენსკიმ ღიად დაადასტურა, რომ თეთრი სახლის მხრიდან სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეზღუდვა და Starlink-ის სიჩქარის შემცირება უკვე რეალობად იქცა, რაც უკრაინის მიმართ უსამართლო ნაბიჯია.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის მიერ ცალმხრივად გამოცხადებულ „ენერგეტიკულ ზავს“, ზელენსკის პოზიცია მარტივია: უკრაინა მზად არის ორმხრივი შეთანხმებისთვის, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ რუსეთი ქვეყნის ინფრასტრუქტურას კვლავ ინტენსიურად ბომბავს, ამერიკას კი მისი შეჩერება არ შეუძლია.
„რუსები დარტყმებს ახორციელებენ. ამერიკას არ შეუძლია მათი შეჩერება. მოდით დავიჯეროთ, რომ ამერიკას ნამდვილად უნდა, მაგრამ არ შეუძლია“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ის მზად არის კომპრომისზე წავიდეს, მაგრამ მხოლოდ კონკრეტული პირობით. თუ თეთრი სახლი კიევს სთხოვს, რომ არ განახორციელოს საპასუხო დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგოობიექტებზე, მაშინ ვაშინგტონმა უკრაინას თავდაცვის საშუალებები უნდა მიაწოდოს.
„თუ ეს თქვენ გჭირდებათ, თუ თქვენ არ შეგიძლიათ პუტინის მოთოკვა, მაშინ მოგვეცით გადამჭერი რაკეტები, რათა მე შევძლო ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა. თქვენ ვერ შეძელით პუტინის შეჩერება — მაგრამ თქვენ დაეხმარებით უკრაინას“, — მიმართავს ზელენსკი ამერიკულ მხარეს.
ზელენსკიმ ინტერვიუში ასევე შეშფოთება გამოხატა კრემლის ლიდერის მიერ შემოთავაზებული აშშ-რუსეთი-ჩინეთის სამმხრივი სამიტის იდეის გამო. მისი თქმით, ეს პროცესი მიანიშნებს იმაზე, რომ „სამწუხაროდ, ვლადიმირ პუტინის პროგრესირებადი გამოსვლა საერთაშორისო იზოლაციიდან უკვე დაწყებულია“.
უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ უკრაინასა და აშშ-ს გაცილებით მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ამერიკასა და რუსეთს და მას სურს ვაშინგტონთან ზუსტად ისეთივე ღია, პრაგმატული და პატიოსანი ურთიერთობის გაგრძელება, როგორიც დღეს არის, ყოველგვარი ფარული შეთანხმებებისა და ტყუილების გარეშე.


