“ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა პირდაპირი დარტყმაა ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიასა და თითოეული მოქალაქის თავისუფალ არჩევანზე. ეს არის ერთპარტიული დიქტატურის დაკანონება საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით, – ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
„დღეს ქართველი ხალხი გაუსაძლის პირობებში იმყოფება – კატასტროფულად გაზრდილი ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებსა თუ მედიკამენტებზე, მძვინვარებს უმუშევრობა, არასაკმარისი შემოსავლები და ყოველდღიური გაუარესებული ყოფა ოჯახებს უპერსპექტივობისა და უიმედობის ჭაობში ძირავს. რეჟიმის კორუმპირებული მმართველობის პირობებში, მოქალაქეებს აღარ რჩებათ საკუთარ სამშობლოში ღირსეული არსებობის საშუალება, რასაც შედეგად მოჰყვა ოჯახების დაქუცმაცება და იმ მასობრივი ემიგრაციის ტალღა, რომლითაც ქვეყანა ყოველდღიურად იცლება.
ამ გამოწვევებზე ხელისუფლებას პასუხები არ აქვს! ამიტომ უნდა, რომ 2028 წელს ხალხს არჩევანი აღარ ჰქონდეს და ყველაფერი ისე გაგრძელდეს, როგორც ახლაა.
ქვეყანა, სადაც ხელისუფლებას ხალხი ვეღარ ირჩევს, როცა ქვეყანას ევროპას აშორებენ და მეგობრების გარეშე ტოვებენ, ის სუსტდება და რუსეთის გავლენისთვის უფრო მოწყვლადი ხდება.
ჩვენი პოზიცია შეუვალია: არავის აქვს უფლება, წაართვას ხალხს არჩევანი და ივაჭროს საქართველოს სუვერენიტეტით. ფეხქვეშ გათელოს მრავალპარტიული დემოკრატიის მისწრაფება, შეზღუდოს მოქალაქის არჩევანის თავისუფლება ან პოლიტიკური გემოვნების მრავალფეროვნება აკრძალოს.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს!
დღეს პარტიების აკრძალვის შეჩერება და დემოკრატიის გადარჩენა უმთავრესი ამოცანაა. ეს ეხება არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს.
მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება – დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ღირსეული მომავალი!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


