“2019 წელი დატვირთული აღმოჩნდა მოვლენებით, ემოციებით, ვნებათაღელვით“–გახარიას საახალწლო მილოცვა

პრემიერ მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს ახალი წელი სპეციალური მიმართვით მიულოცა:

“ჩემო ძვირფასებო!

გილოცავთ დამდეგ 2020 წელს! ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენს სამშობლოს.

ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ვხვდებით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვმართლებოდეს ყველას – თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ახალგაზრდებსა და უფროს თაობას!

განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ახალი წელი ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოდან შორს მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის მსახურობენ;

ასევე, თითოეულ ქართველს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ოკუპაციის პირობებში ყოფნა.

ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ურყევი რწმენით, რომ ჩვენ შევქმნით საერთო მომავალს.

მეგობრებო,

2019 წელი დატვირთული აღმოჩნდა მოვლენებით, ემოციებით, ვნებათაღელვით, თუმცა, ყველა ვთანხმდებით, რომ მშვიდობა და სტაბილურობა აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის.

საქართველო ისტორიულად იდგა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, მაგრამ, ჩვენი ტრადიციებით, მიზანდასახულობით, თავისუფლებისადმი მუდმივი სწრაფვით და ერის გონიერებით – ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი უნიკალური კულტურული იდენტობა.

სწორედ ამ მიზანსწრაფულობით, ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე, ისე, როგორც ზრუნავდნენ ჩვენი წინაპრები. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ – ექიმებმა, მასწავლებლებმა, ჯარისკაცებმა, პოლიციელებმა, საჯარო მოხელეებმა, მეწარმეებმა და სტუდენტებმა. ერთად უნდა დავძლიოთ არსებული გამოწვევები, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს – ჩვენ თავად უნდა შევქმნათ ის მომავალი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ!

დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელი იქნება წარმატებული – საქართველო, თავისი ტრადიციებით და უნიკალური კულტურული იდენტობით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ჩვენ აუცილებლად დავიმკვიდრებთ ჩვენს ღირსეულ ადგილს ევროპაში.

2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი, რომელიც განვითარებას და მშვიდობას მოუტანს ჩვენს სამშობლოს და კეთილდღეობას – თითოეული ჩვენგანის ოჯახს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ ყველას.

სიკეთე, სიყვარული და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს საქართველოს!

გილოცავთ!“ – ამბობს გახარია.