2020–ში კორონავირუსის გარდა მსოფლიოს ბუნებრივი კატაკლიზმები და შიმშილობა ემუქრება. მძიმე პროგნოზები

კორონავირუსის პანდემია ერთადერთი საფრთხე არ არის, რომელიც წელს დედამიწას ემუქრება. 2020 წელს პლანეტაზე ხანძრებს, წყალდიდობას, მოსავლის ნაკლებობას და ჰუმანიტარულ კრიზისს ელიან.  ბუნებრივი კატაკლიზმები ღარიბ ქვეყნებს შიმშილობით, ევროპას და აშშ–ს კი სერიოზული პრობლემებით ემუქრება – გვაფრთხილებენ მეტეოროლოგები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა, ევროპასა და ამერიკაში კი გვალვები იწყება. გაეროს მონაცემებით ღარიბ ქვეყნებში ასწლეულის ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისია მოსალოდნელი. მდიდარ ქვეყნებს კი წყალდიდობა, მწირი მოსავლიანობა და ქარიშხლების სეზონი ემუქრება.

ნებისმიერ სხვა სიტუაციაში მსოფლიო თავს გაართმევდა კლიმატურ მოვლენებს. თუმცა ამჟამად ყველა რესურსი Covid19-თან ბრძოლისკენ არის მიმართული.

ექიმებს და მაშველებს ისედაც უამრავი საქმე აქვთ. ბიუჯეტებში კი არცერთი ზედმეტი ცენტი აღარ არის. ფერმერები, ბიზნესი და ტრანსპორტი კარანტინის ხელოვნურ კომაში არიან. და თუ კორონავირუსის პანდემიის დროს უცებ დამანგრეველი ტორნადო, წყალდიდობა ან სიცხეები და ხანძრები დაემთხვა, სიტუაცია შეიძლება კონტროლს ვეღარ დაექვემდებაროს.

მეზობლების ან საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი ვეღარავის ექნება: სამდიცინო ფორსმაჟორმა ყველა ქვეყანა მოიცვა. ვირუსი რომ არავის დაინდობს, ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა, გიტა გოპინატმაც განაცხადა.

ქვეყანას, რომელიც წყალდიდობით, გვალვით ან გრიგალით დაზარალდება, თუნდაც მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის და აღდგენისთვის თანხები ჰქონდს, საჭირო პროდუქტების შეძენა და ტრანსპორტირება ახლა ისე გაურთულდება, როგორც არასდროს. მსოფლიო ვაჭრობა და ტრანსპორტი კორონავირუსით არის შებოჭილი. კორნტეინერმზიდები და მშრალი ტვირთები გაჩერებულია. თვითმფრინავები აღარ დაფრინავს.

ეპიდემიით შეშინებული ხელისუფლებები წამლების და სურსათის ექსპორტზე აკრძალვებს აწესებენ. ყველაზე მდიდარი, გულუხვი და ღია ქვეყნებიც კი საზღვრებს კეტავენ და საერთო საქმისთვის ფულს ნაკლებად იმეტებენ.

კორონავირუსმა პლანეტაზე ცხოვრება მთლიანად შეცვალა, თუმცა გავლენა არ მოუხდენია იმაზე, რაც დღემდე პრობლემად რჩება – გლობალურ დათბობაზე, რომელსაც მეცნიერები გახშირებული კატაკლიზმების მიზეზად თვლიან.

მსოფლიოში დედამიწის კლიმატის შესახებ ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის – National Centers for Environmental Information–ის მიხედვით 2020 წელს პლანეტა რეკორდულად გახურდა: დედამიწაზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე (1880 წლიდან) საშუალო ტემპერატურიდან ასეთი მკვეთრი გადახრა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში თუ დაფიქსირებულა.

და ეს მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო კარანტინშია, გაჩერებულია ტრანსპორტი და წარმოება.

“ჰაერის დაბინძურება ეკონომიკური აქტივობის შეჩერების შედეგად შემცირდა, თუმცა ნახშირმჟავა გაზი ერთ საათში არ გაქრება. დათბობის შედეგები, მაგალითად ზღვის დონის აწევა საუკუნეების მანძილზე საგრძნობი იქნება. პანდემიამ მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდა, კლიმატის ცვლილების შედეგები შევამსუბუქოთ“– ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი, დანიელი შმიდტი.

ცვლილებები კი სახეზეა:

ამ წლის მარტის რეკორდი მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა ელ–ნინიოს ფონზე. ეს არის წყნარი ოკეანის ტროპიკებში ტემპერატურის მატების ფენომენი, რომელიც ექსტრემალურ სიცხეს და ზამთარში ყინვებს იწვევს. ამჯერად ელ ნინიოს გარეშეც ზღვები რეკორდულად არის გამთბარი. მსოფლიო ოკეანე მარტში 0.8 გრადუსით უფრო თბილი იყო ამ თვის საშუალო ტემპერატურასთან შედარებით.

რაც უფრო თბილია ოკეანე, მით უფრო ძლიერი ქარიშხლების ფორმირება ხდება მასში. მსხვილი ეკონომიკებიდან ყველაზე დიდ ზარალს ქარიშხლები აშშ–ს მიაყენებს, რომელიც კორონავირუსით ისედაც სერიოზულად  დაზარალდა. ქარიშხლების სეზონი აშშ–ში ივნისში იწყება.

გარდა ამისა, გამთბარი ზღვების თავზე უფრო აქტიურად წვიმს, ვიდრე გრილ ხმელეთზე, რაც კონტინენტებს წვიმის გარეშე ტოვებს და გვალვას იწევს. მაგალითად, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში მომატებული ტემპერატურა ავსტრალიაში გვალვიან ზაფხულს და ხანძრებს გამოიწვევს.

გლობალური დათბობა საშიშია არა მხოლოდ თავისთავად დათბობით, რამდნადაც იმით, რომ ის ბუნებრივი მოვლენების ჩვეულ ციკლს არღვევს. სიცხე უცებ აუტანელი ხდება, სიცივე კი უფრო სუსხიანი. ქარები ქარიშხლებად იქცევიან, წყვიმა კი წყალდიდობად.

გასული წელი ამის მაგალითია.

წელსაც იგივეა მოსალოდნელი. ევროპაში უკვე არის იმის ნიშნები, რომ წელს გვალვები მოსავლის დიდ ნაწილს განადგურებს.

ყველაფერი არც ისე ცუდა იქნებოდა რომ არა კორონავირუსი. მაგალითად მარცვლეულმა კულტურამ შესაძლოა მომწიფება გვალვების დაწყებამდე მოასწროს. თანაც გასული წლის რეკორდული  მოსავლის გამო მარაგები მთელ მსოფლიოში ძალიან დიდია, თუმცა პანდემიამ მსოფლიო სასურსათო ბაზრის ლოჯისტიკა მოშალა. საწყობებში და პორტებში ჯანმრთელი მუშახელის ნაკლებობაა, სატვირთო ტრანსპორტი მძღოლების გარეშეა დარჩენილი. თვითმფრინავის და კონტეინერის მოძებნა ძალიან ძნელია. ზოგ ქვეყანაში მოსავალი მინდვრებში ლპება, რადგან სოფლის მეურნეობა შრომითი მიგრანტების დასაქმების მთავარი სფეროა. კარანტინის გამო მაგალითად , ლათინურ ამერიკაში ყავის მოსავალი ფუჭდება,  რადგან მუშახელი ცოტაა,  მაროკოელებს ესპანეთში მოსავლის ასაღებად აღარ უშვებენ, რუმინელები და ბულგარელები კი ბრიტანეთსა და გერმანიაში ვეღარ ჩადიან სოფლის მეურნეობის სფეროში დასასაქმებლად. ამას შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი სასურსათო კრიზისი მოყვეს.

სასურსათო კრიზისის საფრთხე პანდემიასთან ერთად მდიდარ სახელმწიფოებს სერიოზული ხარჯებით ემუქრება, რაც აქ პროტექციონიზმის ალბათობას ზრდის. ეს ქვეყნები სავარაუდოდ ღარიბი ქვეყნების დახმარებას შეამცირებენ: პოპულისტები ისედაც მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ მაგალითად შორეული აფრიკისთვის დახმარებას ჯობდა დეტროიტელი ან ლივერპულელი უსახლკაროებისთვის აღმოეჩინათ დახმარება.

ახლა კი ასეთი მოწოდებები უფრო გაძლიერდება.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორი, დევიდ ბიზლი ჯერ კიდევ პანდემიამდე აფრთხილებდა ყველას მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ, ახლა კი პანდემიის შემდეგ ათეულობით ღარიბი ქვეყანა წელს შეიძლება მაშტაბური შიმშილობის წინაშე აღმოჩნდეს. ბიზლის თქმით, შიმშილით გარდაიცვლება ათეულობით და ასეულობით ადამიანი და არ შეიძლება ასეთ დროს დახმარების შემცირება.

გაეროს უახლესი მონაცემებით მსოფლიოში არასაკმარისად იკვებება თითქმის მილიარდი ადამიანი, ანუ პლანეტის ყოველი მერვე მაცხოვრებელი. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად კი მხოლოდ 2020 წელს მათი რაოდენობა კიდევ 130 მილიონით გაიზრდება.

ბიზლი გვაფრთხილებს, რომ რეალური შიმშილი 265 მილიონ ადამიანს ემუქრება.

გაეროს სასურსათო პროგრამა მსოფლიოში უმსხვილესი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა. ის ყოველდღიურად 100 მილიონამდე ადამიანს აპურებს. და თუ ეს დახმარება უცებ შეწყდება, ყოველდღიურად 300 000 ადამიანი შიმშილით მოკვდება.

“ჩვენ არა მხოლოდ გლობალურ პანდემიასთან, არამედ გლობალურ ჰუმანიტარულ კატასტროფასთანაც გვაქვს საქმე. კონფლიქტებით დაზარალებულ ქვეყნებში მილინობით მოქალაქე შეიძლება გადარჩენის ზღვარზე აღმოჩნდეს. შიმშილის აჩრდილი ისეთი რეალური და საშიშია, როგორც არასდროს. “– ამბობს ბიზლი.