სასოფლო – სამეურნეო საქონლის ჭარბი მარაგების მიუხედავად, სავაჭრო და მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები შეშფოთებას იწვევს მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით
მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული „სასაქონლო ბაზრების მიმოხილვის“ აპრილის გამოცემის თანახმად, COVID-19 – ის პანდემიით გამოწვეულმა გლობალურმა ეკონომიკურმა შოკმა სასაქონლო პოზიციების უმეტესობაზე ფასების ვარდნა განაპირობა და 2020 წლის განმავლობაში მოსალოდნელია მნიშვნელოვნად დაბალი ფასების დაფიქსირება.
ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის მოულოდნელმა გაჩერებამ ყველაზე დიდი გავლენა ენერგომატარებლების და ლითონების ფასებზე იქონია და მოსალოდნელია სერიოზული გლობალური რეცესია. ტრანსპორტთან დაკავშირებული საქონლის, მათ შორის ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა. სასოფლო – სამეურნეო საქონლის უმეტესობის პერსპექტივაზე მოკრძალებული ზემოქმედების მიუხედავად, მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები და სახელმწიფოების მიერ ექსპორტის შეზღუდვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ან საქონლის მარაგების დაგროვება შეშფოთებას იწვევს იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფა შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.
“წარმოუდგენელ ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, პანდემიის ეკონომიკური გავლენა შეამცირებს მოთხოვნას და შეაფერხებს მიწოდებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ამ საქონელზე დამოკიდებულ განვითარებად ქვეყნებზე,“ აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანაბარი ეკონომიკური ზრდის, ფინანსების და ინსტიტუტების მიმართულების ვიცე – პრეზიდენტმა ჯეილა პაზარბაშიოღლუმ. მისივე თქმით: „პოლიტიკის შემმუშავებლებმა არ უნდა დაუშვან სავაჭრო შეზღუდვების დაწესება და ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც ყველაზე მძიმე ღარიბი ფენისთვის აღმოჩნდება.“
ნედლი ნავთობის ყოველთვიური საშუალო ფასი 50 პროცენტით დაეცა იანვრიდან მარტამდე პერიოდში. ფასებმა ისტორიულ მინიმუმს აპრილში მიაღწია, ზოგიერთი საბაზისო სავაჭრო მონაცემის უარყოფითი მნიშვნელობით. სავარაუდოდ, 2020 წელს ბარელის ფასი საშუალოდ 35 აშშ დოლარი იქნება, რაც ოქტომბრის პროგნოზის მკვეთრი დაღმავალი ცვლილებაა, და 43 პროცენტიანი კლებაა 2019 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც ბარელზე 61 აშშ დოლარს შეადგენდა. ასეთი შემცირება ასახავს მოთხოვნის ისტორიულად უდიდეს ვარდნას. ნედლი ნავთობის ფასის შემცირებას კიდევ უფრო ამწვავებს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) და ნავთობის სხვა მწარმოებლებს შორის არსებულ საწარმოო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გაურკვევლობა. ზოგადად, 2020 წელს მოსალოდნელია ენერგორესურსების (მათ, შორისაა ბუნებრივი გაზი და ნახშირი) ფასების 40 პროცენტით კლება, ხოლო 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდისკენ შემობრუნება.
სასოფლო-სამეურნეო ფასები ნაკლებად არის მიბმული ეკონომიკურ ზრდაზე და მხოლოდ უმნიშვნელო კლება აღინიშნა 2020 წლის პირველ კვარტალში, რეზინის გარდა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში გამოიყენება. ძირითადად მოსალოდნელია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება 2020 წლის განმავლობაში, რამდენადაც წარმოების დონეები და ძირითადი სასურსათო პროდუქციის მარაგები რეკორდულად მაღალია. თუმცა, შესაძლებელია სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის წარმოება შეფერხების წინაშე აღმოჩნდეს ნედლეულით (მაგ. სასუქი, პესტიციდები) ვაჭრობაში და დისტრიბუციაში არსებული შეფერხების და შრომითი რესურსების ხელმისაწვდომობის გამო. მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ უკვე იქონია გავლენა განვითარებად ბაზრებზე და ისეთი მალფუჭებადი პროდუქტების ექსპორტის განვითარებაზე, როგორებიცაა ყვავილები, ხილი და ბოსტნეული.
„ეს უდიდესი შოკია სასაქონლო ბაზრებისთვის. დაბალმა ფასებმა ნავთობზე შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს განვითარებად ქვეყნებზე და საფრთხე შეუქმნას აუცილებელ ინვესტიციებს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურაში, რომელიც ხელს უწყობს გრძელვადიან ზრდას და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნას. საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთად უნდა მოახდინოს რეაგირება ამ პრობლემებზე ინტერვენციების მეშვეობით ენერგიის მრავალფეროვან წყაროებში, მდგრად ტრანსპორტში და ციფრულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე წვდომაში, რომელიც ადამიანებს მისცემს ინტერნეტთან დაკავშირების საშუალებას ასეთ რთულ პერიოდში. ეს გადამწყვეტი იქნება არსებითი სოციალური სერვისების მისაწოდებლად, სამუშაო ადგილების დასაცავად, ბიზნესის მხარდასაჭერად და სიცოცხლის გადასარჩენად“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურის სფეროში მახტარ დიოპმა.
ანალიზის თანახმად, შესწავლილ იქნა COVID-19 პანდემიის ზემოქმედება სასაქონლო ბაზრებზე. შერბილების ღონისძიებებს, რომლებიც ვირუსის კონტროლის მიზნით ხორციელდება, შედეგად მოჰყვა ნავთობზე მოთხოვნის უპრეცედენტო ვარდნა. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას შეუძლია სხვა საქონლის მოხმარების ცვლილების და წარმოების შემცირების გამოწვევა და ასევე, სურსათით უზრუნველყოფისთვის საფრთხის შექმნა. პანდემიას აქვს სასაქონლო მოთხოვნაზე და მიწოდებაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ზემოქმედების პოტენციალი.
ნავთობის ფასების კლება პოლიტიკის შემმუშავებლებს განვითარებად ბაზრებზე და ქვეყნებში ენერგოსუბსიდიების რეფორმების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. ამ რეფორმებს შეუძლია თავისუფალი ხარჯვის ხელშეწყობა პანდემიასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის, ენერგორესურსების არაგონივრული მოხმარების შეწყვეტა, და ხარჯების გადანაწილება მოსახლეობის ღარიბი ფენის დასახმარებლ პროგრამებზე.