ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი 2020 წელს აშშ–სა და საქართველოს შორის პარტნიორობას აჯამებს და ამბობს, რომ კოვიდ 19-ის გამოწვევების მიუხედავად, აშშ-საქართველოს მოკავშირეობა გაძლიერდა.
ვიდეომიმართვა საქართველოში აშშ–ს საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. კელი დეგნანმა ისაუბრა ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ 2020 წლის განმავლობაში:
- $20 000 000 კოვიდის წინააღმდეგ
- $2 000 000 დევნილებისთვის
- $500 000 ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა სასაზღვრო პოლიციას;
- $232 000 ღირებულების სახანძრო მანქანა
- ელჩის ფონდი: $600 000 ჯვრის მონასტრის კონსერვაციისთვის.
„2020 რთული წელი იყო, თუმცა გამოავლინა საუკეთესო საქართველოსა და აშშ-ში – გავაძლიერეთ ჩვენი პარტნიორობა და მივაღწიეთ რეალურ პროგრესს, ერთად.
ვმუშაობთ ერთად გამჭვირვალე, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილო-ატლანტიკური ერების ოჯახთან. კერძოდ, აშშ-ის მისიის პროფესიონალების ჯგუფი ქართველ მეგობრებთან ერთად მუშაობდა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად; სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ხელშეწყობისა და სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერებისთვის; ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისა და ზრდისთვის, რომელიც შექმნის კარგ სამუშაო ადგილებს და მეტ ინვესტიციებს; საქართველოს უსაფრთხოების ძალების გაძლიერებისთვის; და მხარს უჭერდნენ პასუხისმგებლიან მედიას, განათლების სფეროს გაძლიერებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას“, – აცხადებს კელი დეგნანი.