ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამამ “აწარმოე საქართველოში” 2020 წელს 774 300 ლარით დაფინანსდა 5 კომპანია, რომელთა მესაკუთრეებსა და დირექტორებს ოცნებისთვის და ზურაბიშვილისთვის 610 000 ლარი აქვთ შეწირული. 93 ათასი ლარით დაფინანსდა ოცნების ყოფილი მაჟორიტარის, ზაქარია ქუცნაშვილის ძმის კომპანია
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, შემომწირველებს შორის ყველაზე დიდი დაფინანსება 2020 წელს შპს Construction Service-მა და შპს შატო კვირიკემ მიიღეს.
“შპს Construction Service-მა დაფინანსების სახით აწარმოე საქართველოსაგან 449 306 ლარი მიიღო. კომპანიის 55% წილის მესაკუთრე გიორგი გაბუნია, 2016 წელს მან ქართულ ოცნებას 55 000 ლარი შეწირა. კომპანიის 40% მესაკუთრეა შპს ქისთოუნ ქონსთრაქშენ, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრე გივი კუბლაშვილია, მან ქართულ ოცნებას 2020 წელს 60 000 ლარი შეწირა.
გარდა აწარმოე საქართველოდან მიღებული დაფინანსებისა, კომპანია ტენდერებში მონაწილეობითაც იღებს თანხებს ბიუჯეტიდან. კომპანიას 2013-2021 წლებში 83 200 871 ლარის ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული, ხოლო გამარტივებული შესყიდვის სახით მიღებული აქვს 664 313 ლარი.
რაც შეეხება შპს შატო კვირიკე-ს, აწარმოე საქართველომ 2020 წელს კომპანია 181 430 ლარით დააფინანსა. კომპანიის 100% წილის მესაკუთრე გიორგი ჭყონიაა. მან 2016, 2017, 2021 წლებში ქართულ ოცნებას ჯამში 180 000 ლარი შეწირა, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი. კომპანიის დირექტორმა, გია ქათამაძემ, ქართულ ოცნებას 2017, 2020, 2021 წლებში 115 000 ლარი შეწირა, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს – 5000 ლარი”,– ვკითხულობთ “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციაში.
მათი ცნობით, 2019 წელს პროგრამით დაფინანსებული კომპანიებიდან 32 კომპანია ქართული ოცნების ან ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემომწირველი იყო. სხვადასხვა წლებში აღნიშნული კომპანიის მესაკუთრეებმა ქართულ ოცნებას საერთო ჯამში 1 517 444 ლარი შეწირეს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 446 000 ლარი.