საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებით 11 210.0 მლნ. ლარი იყო. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 12.3% შეადგინა, ხოლო მშპ დეფლატორი 6.3%-ით გაიზარდა.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ზომის შემცირებასთან ერთად, იკლო ერთ მოსახლეზე მშპ-მაც და მან 3,016 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 200 ლარით ნაკლებია.
ყველაზე მეტად მშპ შემდეგ დარგებში შემცირდა:
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – შემცირდა 54.7%-ით
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 40.0%
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 28.8%
- მშენებლობა – 24.5%
- ხელოვნება, გართობა და დასვენება – 24.1%
- ტრანსპორტი და დასაწყობება – 22.6%
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 15.5%
- ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 13.2%
- დამამუშავებელი მრეწველობა – 12.1%
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში”
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 14.3%
- განათლება – 11.7%
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 4.7%
- სამთომოპოვებითი მრეწველობა – 6.4%
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (14.6%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.7%). შემდეგ პოზიციებს კი იკავებს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.2%), დამამუშავებელი მრეწველობა (9.9%), სახელმწიფო მმართველობა (7.5%), მშენებლობა (6.8%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.1%), განათლება (5.6%).
დაზუსტებული მონაცემებს საქსტატი 2020 წლის 16 ნოემბერს გამოაქვეყნებს.