2021 წელს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის 12 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.6%-ია.

2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შემდეგ დარგებში შეინიშნებოდა: მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ენერგეტიკა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.

შეგახსენებთ, მთავრობა 2021 წელს ეკონომიკის 10%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქონლის ექსპორტი 26,9%-ით, ხოლო იმპორტი 25,1%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25,6%-ით არის გაზრდილი.

2021 წლის დეკემბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წლიურად 21%-ით, 4 553-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 31,2%-ით 11,5 მილიარდ ლარამდე მოიმატა.