2021 წელს ფეხბურთის ფედერაცია ბიუჯეტიდან დაფინანსებას არ აიღებს – კობიაშვილი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ ფეხბურთის ფედერაცია ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე უარს ამბბოს.

“ფეხბურთის ფედერაციაში მოსვლის დღიდან ვიძახით, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, სახელმწიფოდან უფრო და უფრო ნაკლები თანხები მივიღოთ. ეს იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო პროგრამით ყველა ფედერაცია ფინანსდება და გარკვეული თანხა წინასწარ დამტკიცებული გვქონდა. ასე იყო, მაგალითად, გასულ წელსაც – მაგრამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა და 6.7 მილიონიდან 4.2 მილიონი ავითვისეთ. მანამდე იყო წლები, როდესაც ასევე გაცილებით ნაკლები გამოვიყენეთ. ანუ ამ გადაწყვტილებამდე მიზანმიმართულად მივდიოდით და ამას ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვამბობდით – ფეხბურთის ფედერაციამ და მიმაჩნია, ბევრმა სხვა მიმართულებამაც თავად უნდა მოიპოვოთ დაფინანსება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რაც შეიძლება, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული.

ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და 2021 წელს სახელმწიფოსგან არც ერთ თეთრს აღარ ავიღებთ. ბოლო წლებში მსგავს პრეცედენტს ვერ გავიხსენებ. ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად იმიტომაც გადავდგით, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. სახელმწიფოს ვუხარით, რომ არ გვინდა ის 6,7 მილიონი, რომელიც წინასწარ გვქონდა დამტკიცებული. კონსულტაციები გვქონდა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან და გადაწყვეტილება წინასწარ ვაცნობეთ”,– განაცხადა კობიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, დაფინანსების არმიღების საკითხი საფეხბურთო კლუბებს არ ეხება.

“ორი საკითხი უნდა გავმიჯნოთ – ეს არ ეხება კლუბების დაფინანსებას. ფეხბურთის ფედერაცია არაა ამაზე პასუხისმგებელი და შესაბამისად, ამაზე უარსაც ვერ იტყვის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსების ნაწილზე ვსაუბრობთ. გვაქვს იმის რესურსი, რომ შემოსული თანხებით ფედერაციის საქმიანობა უზრუნველვყოთ. გვყავს პარტნიორები და მხარდაჭერისთვის მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. გვგონია, რომ ძალიან სწორი და გამართლებული გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, ეს არაა შემთხვევითი. ამას სულ ვამბობდით და ეს საქმით დავადასტურეთ”,– თქვა კობიაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ აქამდე ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსება მიზნობრივად იხარჯებოდა.