პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.
“გეგმის ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%. პირველ ეტაპზე ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, რა თქმა უნდა, ესენი იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ 60-დან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე”, – თქვა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
მანვე აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანა ნებისმიერი ვაქცინის მისაღებად მზადაა, თუმცა, პრინციპული პოზიციაა, რომ ქვეყანაში შემოვიდეს ისეთი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში, კოვაქს პლატფორმის მეშვეობით, ქვეყანამ მილიონნახევარ ვაქცინა უნდა მიიღოს, მთავარი მიზანი კი ახლა ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემის მომზადებაა.