2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა – სუს-ის ანგარიში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშიდან იკვეთება, რომ 2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა. ანგარიშში არ წერია, ვისზეა საუბარი ან რა სახის თავდასხმა მზადდებოდა.54 გვერდიან ანგარიშში საუბარია, რომ შიდა და გარე აქტორები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ განცხადებებს ავრცელებდნენ.

“2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით.

საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამწვავების მცდელობები.

შიდა და გარე აქტორები პატრიოტულ განწყობებზე აპელირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ განცხადებებს ავრცელებდნენ და მოსახლეობას დესტრუქციული, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებდნენ.

ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებდა მტრულად განწყობილი სუბიექტების მიერ საზოგადოების მეტი პოლარიზაციისკენ მიმართული აქტივობები, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხების მცდელობები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ მოწოდება და სოციალური დესტაბილიზაციის ხელშეწყობა”, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ დესტრუქციული ძალები, მათ შორის უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან შესაძლო კავშირში მყოფი სუბიექტები ცდილობდნენ საქართველოს ურთიერთობის დაზიანებას კონკრეტულ სახელმწიფოებთან.

“რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, მსგავსი აქტივობები საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას”, – წერია ანგარიშში.