2022 -2022 წლებში დასაქმების სააგენტო ბიუჯეტიდან 408 მლნ-ით დაფინანსდა, სულ 2 380 პირი დაასაქმა – ფლანგვის დეტექტორი

ფოტო : ფლანგვის დეტექტორი

2020-2022 წლებში დასაქმების სააგენტო ბიუჯეტიდან 408 მილიონით დაფინანსდა, თუმცა სააგენტომ სულ 2 380 ადამიანის დასაქმება შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

“2022 წლის I კვარტალის მონაცემებით საქართველოში თითქმის ყოველი მე-5 შრომისუნარიანი ადამიანი უმუშევარია. კერძოდ კი უმუშევართა პროცენტული მაჩვენებელი 19.4% შეადგენს. ეს მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 2021 წელთან შედარებით, როდესაც უმუშევართა მაჩვენებელი 20.6% აღწევდა, თუმცა 2019-2020 წლებთან მიმართებით უმუშევრობის დონე გაზრდილია. კერძოდ კი 2019 წელს მოსახლეობის 17.6% იყო უმუშევარი, 2020 წელს კი – 18.5%.

დასაქმებულთა რაოდენობიდან, აღსანიშნავია საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც. ცენტრალური ბიუჯეტის თანახმად საჯარო სამსახურში 2020-2021 წლებში 112,214 ადამიანი იყო დასაქმებული და მიუხედავად იმისა რომ დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, გაიზარდა მათი შრომის ანაზრაურებაზე დახარჯული თანხები. კერძოდ 2020 წელს ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 1,543,096,800 ლარი, ხოლო 2021 წელს 1,636,871,100. თუმცა აღნიშნული ციფრები არ მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა სრულ რაოდენობას.

უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად 2019 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო შექმნა გადაწყვიტა.

სააგენტო საქმიანობის განხორციელებას 2020 წლიდან შეუდგა. ბრძანების თანახმად სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების სია საკმაოდ გრძელია და მათ შორის არის შრომის ბაზრის მომსახურებების გაწევა, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა, განხორციელება და ანალიზი, სამუშაოს მაძიებლებისათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ღონისძიებათა ორგანიზება, დასაქმების ფორუმების ორგანიზება.

ფლანგვის დეტექტორი ჯერ კიდევ 2021 წელს წერდა სააგენტოს დაფინანსების შესახებ. ამჯერად კი გადავწყვიტეთ დეტალურად გაგაცნოთ სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაცია.

2020-2022 წლების განმავლობაში სააგენტოს დასაფინანსებლად 408,107,370 ლარი გამოიყო. თავად სააგენტოში მიმდინარე, 2022 წლის, მონაცემებით 52 შტატიანი თანამშრომელია დასაქმებული, მათ ანაზღაურებაზე კი ყოველთვიურად 81,520 ლარი იხარჯება. აღსანიშნავია, რომ გასული, 2021 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოში ისევ 52 შტატიანი თანამშრომელი იყო დასაქმებული, მათ ყოველთვიური შრომის ანაზღაურებაზე უფრო ნაკლები, 72,400 ლარი იხარჯებოდა.

წლების მიხედვით სააგენტოს დაფინასება არის შემდეგი:

2020 – 243,437,025

2021 – 153,629,895

2022 – 11,040,450

საინტერესოა, რომ სააგენტოში დასაქმების მსურველთა მიმართვიანობა ყოველწლიურად კლებულობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა ანაზღაურება იზრდება.

დაფინანსებისა და ანაზღაურებაზე საუბრის შემდეგ მნიშვნელოვანია თავად სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა განვიხილოთ.

სააგენტოს რამდენიმე პროგრამული მიმართულება აქვს. პირველ რიგში აღსანიშნავია “დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა”. პროგრამის ფარგლებში – დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამუშაოს მაძიებლებს აწვდის ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა: სამუშაოს მაძიებლის კონსულტირება და დაკავშირება დამსაქმებელთან, კარიერული გავითარების მიზნით კონსულტირება და მხარდაჭრითი დასაქმება. მხარდაჭრითი დასაქმების მომსახურება განკუთვნილია შშმ და სსსმ პირებისთვის, ვისაც აქვს დასაქმების სურვილი და მოტივაცია. სერვისი ითვალისწინებს ინკლუზიურ მიდგომას სამუშაოს მაძიებლისადმი, ასევე აქტიურ კომუნიკაციას დამსაქმებლებთან შშმ/სსსმ პირების დასაქმების კუთხით.

2020-2021 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სააგენტომ სრულად ვერასდროს ვერ აითვისა.

კერძოდ კი, პროგრამის ფარგლებში სააგენტოს 2020 წელს 700,000 ლარი უნდა დაეხარჯა, საიდანაც მხოლოდ 401,698 ლარი დახარჯა. ხოლო 2021 წელს კი გამოყოფილი 770,000 ლარიდან 744,451 დახარჯვა შეძლო.

სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია სტატისტიკური ინფორმაციაც, მათ შორის მიმართვიანობის სტატისტიკა.

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ მოწოდებული, საჯარო ინფორმაციის, მიხედვით 2020 წელს სააგენტოში 35,009 ადამიანი დარეგისტრირდა. 2021 წელს სააგენტოს, წინა წელთან შედარებით, დაახ. 3 ჯერ ნაკლებმა, 8,994 პირმა მიმართა. ხოლო რაც შეეხება 2022 წელს, პირველი კვარტლის მონაცმებზე დაყრდნობით სააგენტოში 1,293 ადამიანია დარეგისტრირირებული. თუმცა წლის დასრულებამდე ძნელია ვთქვათ სააგენტოში მიმართვიანობის ტენდენცია როგორ გაგრძელდება.

შესაბამისად, მიმართვიანობასთან ერთად ასევე იკლებს იმ პირთა ოდენობა ვისაც სამუშაო ძიების პროცესში გაეწია კონსულტაცია.

სამუშაოს მაძიებლთათვის გაწეული კონსულტაციების ოდენობა:

2020 წელი- 3024 პირი

2021 წელი- 2584 პირი

2022 წელი (1Q.)-980 პირი

საინტერესოა, რომ სააგენტოში სამუშაოს მაძიებელთა მიმართვიანობის ნაკლებობა არ არის გამოწვეული უმუშევარი ადამიანთა რაოდენობის კლებით. პირიქით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანხამად 2020 წელს 2,819,000 ადამიანი იყო უმუშევარი, ხოლო 2021 წელს მათი რიცხვი 3 მლნ-მდე გაიზარდა და სამუშაოს მაძიებელთა რიცხვმა ჯამში 3,162,000 შეადგინა.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა რა გახდა სააგენტში სამსახურის მაძიბელთა ნაკლები მიმართვიანობის მიზეზი, იმის ფონზე რომ უმუშევრთა რაოდენობა 20 წელთან შედარებით 2.1 %-ით გაიზარდა.

2021 წელს სააგენტომ მისი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაც დაიწყო. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ინფორმაცია, სააგენტოს საქმიანობის შესახებ, დაინტერესებულ მხარეებს დედაქალაქსა და რეგიონებში მიაწოდეს. აღნიშნული აქტივობისთის ბიუჯეტიდან 10,450 ლარი დაიხარჯა. თუმცა, სააგენტოში ადამიანთა მიმართვიანობა მაინც არ გაზრდილა 2020 წელთან შედარებით.

სააგენტოს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანხმად, სააგენტომ 2020-2021 წლებში დაახლეობით 2379 პირის დასაქმება შეძლო, მაშინ როდესაც თავად სააგენტო ამავე წლებში 397,066,920 ლარით დაფინანსდა.

რაც შეეხება 2022 წელს, სააგენტოს დასაფინანსებლად 11,040,450 ლარი გამოიყო, თუმცა I კვარტალის მონაცემებით სააგენტოს ჯერ არც ერთი პირი არ დაუსაქმებია.

ცხადია, სააგენტოს საქმიანობას მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ვერ განვიხილავთ. დაარსებიდან დღემდე სააგენტომ დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ეფექტური და საჭირო აქტივობებიც განახორციელა. თუმცა მთავარი კითხვა შემდეგია – გვიღირს ყოველწლიურად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის დახარჯვა სააგენტოს დასაფინანსებლად, მაშინ როდესაც უმუშევართა რაოდენობა სააგენტოს დაარსებიდან დღემდე შემცირების ნაცვლად გაიზარდა. ” – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის ანგარიშში.