შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვით, 2022 წლიდან მოპედების დარეგისტრირება სავალდებულო იქნება.
დარახველიძის განმარტებით, სავალდებულო იქნება მოპედის მართვის მოწმობის აღებაც. ამისთვის დაემატება მართვის მოწმობის AM კატეგორია. მოქალაქეებს მისი აღება 16 წლიდან შეეძლებათ. ასევე დამატებული იქნება A2 კატეგორიის მართვის მოწმობაც, რომელიც გულისხმობს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის ტარების უფლებას. A2 კატეგორიის მოწმობის აღება შესაძლებელი 18 წლიდან იქნება.
“მოგეხსენებათ, მოპედის მართვისთვის სპეციალური მართვის მოწმობა საჭირო არაა. ნებისმიერ პირს შეუძლია შეიძნოს მოპედი და მართოს. მხოლოდ რამდენიმე რეგულაცია ვრცელდება, ჩაფხუტის ხმარებასთან და ნასვამ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებული. თუმცა სხვა ტიპის რეგულაციები მოპედებზე არ გვხვდება. წარმოდეგენილი კანონით, დირექტივის შესაბამისად ხდება ახალი კატეგორიის AM-ის დამატება. ამ კატეგორიაში გავა ყველა მოპედი, გარდა ამისა ემატება A2 კატეგორია – საშუალო სიმძლავრის მოტოციკლები. დღეს ეს A კატეგორიაში გადის და დირექტივის მოთხოვნით ცალკე კატეგორია ემატება.
მოპედების მართვის საშუალება ექნებათ მათ, ვისაც შეუსრულდათ 16 წელი, ჩააბარებენ შესაბამის გამოცდას და აიღებენ მართვის მოწმობას. მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარკვეული შეღავათებიც იქნება. რაც შეეხება A2 ქვეკატეგორიას, საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის მართვა 18 წლიდან იქნება შესაძლებელი” – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.