2023 წლის აგვისტოსთვის უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს-გენერალი ჰოჯესი

2023 წლის აგვისტოსთვის უკრაინა დაიბრუნებს ყირიმს– ასეთი მოსაზრება აშშ-ის არმიის ყოფილმა გენერალმა ბენ ჰოჯსმა Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა.

„ყირიმი სულ უფრო და უფრო ჰგავს ხაფანგს რუსული ჯარისკაცებისთვის“, ამბობს ჰოჯესი და განმარტავს, რომ „რუსული ლოგისტიკური სისტემა ძალიან მყიფეა და უზარმაზარი წნეხის ქვეშაა“.

მისი თქმით, მხოლოდ ორი გზა მიდის რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულისკენ: „ერთი გადის ქერჩის ხიდზე, რომელიც უკვე სერიოზულად არის დაზიანებული, მეორე კი არის ეგრეთ წოდებული სახმელეთო ხიდი, რომელიც გადის მარიუპოლსა და მელიტოპოლზე და რომელსაც უკრაინელები ცოტა ხნის წინ ასევე დაარტყეს“.

თუმცა, ჰოჯესის თქმით, უკრაინელებისთვის ჯერ ნაადრევია გამარჯვების აღლუმის დაგეგმვა, რადგან „რუსები გააგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას ამ კონფლიქტის გახანგრძლივების იმედით“.