2023 წლის ივლისი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვეა. გაეროს დაქვემდებარებაში მყოფი მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე 2019 წლის ივლისი იყო, თუმცა წლევანდელი ივლისის პირველ სამ კვირაში წინა რეკორდი უკვე მოიხსნა და წინა რეკორდზე 0.2 გრადუს ცელსიუსით მეტი ტემპერატურა დაფიქსირდა.
მსოფლიოს 3 კონტინენტზე ივლისის პირველ 3 კვირაში იმდენად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რომ მსოფლიოში ორმა ყველაზე ავტორიტეტულმა კლიმატის გლობალურმა ორგანიზაციამ ივარაუდა, რომ ეს თვე მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცხელი იქნებოდა. ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის განცხადებით, ასეთი მაჩვენებელი არა მხოლოდ ტემპერატურაზე დაკვირვების ისტორიაში არ ყოფილა, არამედ სავარაუდოდ მინიმუმ ბოლო ასი ათასი წლის მანძილზე.
გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მტკიცებით, 1900-იანი წლების შემდეგ პლანეტაზე გლობალური ტემპერატურა 1.5 გრადუს ცელსიუსით არის გაზრდილი, ტემპერატურის მატება კი კლიმატური კატასტროფების რაოდენობას მკვეთრად ზრდის.