ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალი 45%-მდე შემცირდება, ხოლო 2030 წლისთვის 40%-მდე.
“დღეს ჩვენი ამოცანაა ბიუჯეტის დეფიციტის ნორმალიზაცია და ვალის მაჩვენებლის შემცირება. 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალს შევამცირებთ 45 პროცენტამდე, 2030 წლისთვის 40 პროცენტზე დაბლა, ხოლო დეფიციტს – 2 პროცენტამდე. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული სამიზნე მაჩვენებლები.
გამოწვევად რჩება მთავრობის ვალში უცხოური ვალუტის მაღალი წილი და საფინანსო სექტორში დოლარიზაცია. 2026 წლისთვის ჩვენი სამიზნე მაჩვენებლებია: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება 4 პროცენტამდე, უცხოური ვალუტის ვალის წილის შემცირება მთლიან ვალში 65 პროცენტამდე, დოლარიზაციის შემცირება 45 პროცენტამდე“,– თქვა ხუციშვილმა 10-წლიანი გეგმის წარდგენისას.
წლევანდელი ბიუჯეტის მიხედვით, წლის ბოლოს სახელმწიფო ვალის საერთო მოცულობა 32 მილიარდი იქნება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 54%-ა.