31 მარტის 21:00 საათზე საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე აკრძალულია გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით.
ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგალითად ისეთი, როგორიც არის პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა ამდაგვარი.
პრემიერ მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას მოუწოდებს მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა.
„მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ამოქმედდება და იმოქმედებს დილის 6 საათამდე. ასე იქნება მთელი საგანგებო პერიოდის განმავლობაში. გთხოვთ, რომ დაიცვათ ეს რეჟიმი. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმები, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ პირებზე 3 000 ლარიან ჯარიმას, ხოლო იურიდიულ პირებზე 15 000 ლარიან ჯარიმას. ჩვენი მოწოდებაა, ყველამ დავიცვათ ის შეზღუდვები, რომელიც ძალაში შედის, დღეს 21:00 საათიდან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.