სასამართლომ მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, სასამართლო ჩვენება მისცეს მოწმეებმა – სამედიცინო ექსპერტმა და ექიმმა.
დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვასთან ერთად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაც მოხდა და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ძველი გადაწყვეტილება – პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა.დაცვის მხარე ითხოვდა დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვას და მის მიმართ გირაოს გამოყენებას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა – დევიძე პატიმრობაში დატოვა.
მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ბრალდების მხარე მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მათე დევიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.