22 საათიანი განხილვის შემდეგ, სააპელაციომ გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა სარჩელები

22 საათიანი განხილვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არჩევანის ფარულობასთან და საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები, ასევე გააუქმა თეთრიწყაროს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება უბნების გაბათილებასათან დაკავშირებით.  მოსამართლეთა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაში დიმიტრი გვრიტიშვილიც შედიოდა, გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოაცხადა.

სააპელაციო სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – “სამართლიანი არჩევნების”, საიასა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” საჩივრებს განიხილავდა. არასამთავრობოები რიგ უბნებში ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ.პროცესზე ჯამში 40 ოლქზე გამოვლენილი დარღვევები განიხილებოდა.

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, მათთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

“გაუქმდა თეთრიწყაროს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ საქმეზე. ეს, პრინციპში, ჩვენთვის საერთოდ არ იყო მოულოდნელი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით, განსაკუთრებით, მას მერე, როდესაც დავინახეთ, რომ სასამართლო ცდილობდა ყველა საქმის ერთად გაერთიანებას და არ ყოფილიყო რაიმე განსხვავებული აზრი ამ საქმეში. ეს იგრძნობოდა გუშინ, იგრძნობოდა იმ განხილვით, როგორც სასამართლომ ეს განიხილა.

ეს იყო კოორდინაციაში მათ შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან. სასამართლო სისტემამ გადაწყვიტა, არ გამეორებულიყო რაიმე განსხვავებული მოსაზრება სასამართლოდან ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამას ველოდით, თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ მოქალაქეების ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა, არ იყო დაცული და ეს იყო ცესკოს პასუხისმგებლობა, რომელიც მან ვერ იტვირთა, ეს არის ფაქტი”- თქვა ქურდოვანიძემ.