23 წლის ნასტიას ისტორია, რომელმაც მარიუპოლიდან მშობლების გამოყვანა შეძლო

უკრაინელმა 23 წლის ნასტიამ მარიუპოლიდან მშობლების ევაკუირება დამოუკიდებლად შეძლო. ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა TSN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ხარკოვში სწავლობდა, მისი მშობლები კი მარიუპოლში დარჩნენ. ომის დაწყებიდან მარიუპოლი მუდმივად იბომბებოდა, ნასტია კი სამი კვირის განმავლობაში ელოდა მათ ევაკუაციას, თუმცა რადგან ეს ვერ მოხერხდა, მათი გადარჩენა თავად გადაწყვიტა.

”როდესაც ომი დაიწყო, პირველი რამდენიმე დღე მათთან ჯერ კიდევ მქონდა კონტაქტი. მე შევთავაზე წამოსვლა, გამოქცევა, რადგან აშკარა იყო, რომ მარიუპოლი ზღვასთან და დონეცკთან ახლოს მდებარეობდა და რაღაც საშინელება მოხდებოდა იქ”,– თქვა ნასტიამ და აღნიშნა, რომ მშობლების დარწმუნება ვერ შეძლო, რადგან მათ სჯეროდათ, რომ მარიუპოლი გადარჩებოდა, უარეს შემთხვევაში კი 2014 წლის სცენარი განმეორდებოდა.

მას შემდეგ, რაც მარიუპოლიდან საშინელი ფოტოები გავრცელდა, ნასტიამ დაიწყო მოხალისეების ძებნა, ვინც მის მშობლებს გარეუბნის კერძო სახლიდან გაიყვანდა, თუმცა ვერავინ იპოვა.

”ნათელი გახდა, რომ ჩემს გარდა ვერავინ დაეხმარებოდა მათ. მე არ შემეძლო მათი დატოვება იქ, მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა ფული, არანაირი უფლებები და, პრინციპში, არც შესაძლებლობები”, – განაგრძო ნასტიამ.

გოგონამ თქვა, რომ დაუკავშირდა დეიდას, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს, ის დაეხმარა მიკროავტობუსის შეძენაში, შემდეგ კი სახიფათო მოგზაურობა დაიწყო.

მარიუპოლში ნასტია მძღოლ ანდრეისთან ერთად წავიდა, მათ შეძლეს ქალაქში მოხვედრა და მშობლები მეზობლებთან ერთად წამოიყვანეს.

ნასტიას თქმით, მოგზაურობა ძალიან დროული აღმოჩნდა, რადგან ამის შემდეგ ქალაქში შესასვლელი უკვე დაიკეტა.