24 თებერვალს რუსთაველზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

24 თებერვალს რუსთაველზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება – ამის შესახებ დღეს ოპოზიციისაა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადეს. დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს რუსთაველზე კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ საქართველოს ევროპული განვითარების მომავალი აქვს.

“ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ განსხვავებული პროფესიის, განსხვავებული ჯგუფის პარტიები, არა პარტიები, სხვადასხვა ადამიანები, რომლებსაც გვაერთიანებს ერთი – ჩვენი ქვეყნის ღირსების, ჩვენი ევროპული პერსპექტივის, ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების საკითხი. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავდგეთ ერთად და ვთქვათ, 24 თებერვალი, მაშინ, როცა რუსეთი, რუსული იმპერია კიდევ ერთხელ თავს დაესხა დამოუკიდებელ ქვეყანას, ეს არის წყალგამყოფი.

24 თებერვალს აქ, რუსთაველზე კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ, რომ მიუხედავად ჩვენი კამათებისა, შეცდომებისა, განსხვავებებისა კრიტიკულ მომენტში წყალგამყოფი დღის მომენტში ჩვენ ვდგებით და ერთად ვამბობთ: საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო არ წავა წარსულში”, – განაცხადა ელენე ხოშტარია.