პარლამენტთან აქციაზე 25-ვე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე დაკავებული 25-ვე პირი ხელწერილით გათავისუფლდა.
ლელოს 5 წევრი, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტრიტორიაზე დააკავეს, ახლა უკვე თავისუფლები არიან. როგორც შსს-ს დატოვებისას მათ თქვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირველივე დღეს აამოქმედა რეპრესიული მანქანა და განსხვავებული აზრის დევნა დაიწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, თავი შეიკავონ მძიმე პროვოკაციული ქმედებებისგან, პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.