25 მუნიციპალიტეტში საარჩევნო სიაშია 683 გარდაცვლილი მოქალაქე – სამოქალაქო საარჩევნო კომისია

“სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ” შეისწავლა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სიების მოწესრიგებულობა. მათ 25 მუნიციპალიტეტისგან გამოითხოვეს ინფორმაცია საარჩევნო სიებში 1930 წლამდე დაბადებული მოქალაქეების შესახებ.

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის განცხადებით, 25 მუნიციპალიტეტში, 1930 წლამდე დაბადებული 1 311 მოქალაქე 12 აპრილის მდგომარეობით გარდაცვლილია, მათი 52% – 683 მოქალაქე კვლავ ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული.

“ამ ფონზე საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია, რადგან ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ მხოლოდ 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტისგან, 1930 წლამდე დაბადებული და დღეის მდგომარეობით გარდაცვლილი პირების შესახებ. საქართველოში კი სულ 73 მუნიციპალიტეტია. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბს მიაღწევს გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობა ამომრჩეველთა სიაში თუ გადამოწმდება 73-ვე მუნიციპალიტეტში ინფორმაცია იმ გარდაცვლილი პირების შესახებ, რომლებიც 1930 წლის შემდეგ დაიბადნენ”,– აცხადებს ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, ამ ტიპის ინფორმაციას მუნიციპალიტეტები მუდმივად აწვდიან იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო იუსტიციის სამინისტრო აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ამის მიუხედავად კი პრობლემა წლებია მოუგვარებელია.

“ვფიქრობთ, ასეთი საგანგაშო მაჩვენებელი მიუთითებს არჩევნების პოტენციური გაყალბების მასშტაბზე და მოვუწოდებთ საარჩევნო კომისიას, დროულად იმოქმედოს საარჩევნო სიების შესასწორებლად და არჩევნებში ჩართულ ყველა აქტორს, დაინტერესდნენ ამ საკითხით”. –ვკითხულობთ განცხადებაში.