საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საქმე ეხება 26 წლის გოგოს, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევას, რომელიც საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ყაზახური მედიის ინფორმაციით ის საქართველოში სამუშაოდ აპრილში ჩამოვიდა. როგორც მისი ბიძაშვილი ყვება, ასელმა მას ბოლოს აუდიო შეტყობინება 5 მაისს გაუგზავნა, რომელშიც გარკვევით ისმის უცნობი კაცის მუქარა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
ფაქტს ადასტურებს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცოტა ხნის წინ კი, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღწერილია დანაშაულის დეტალები.
ირკვევა, რომ აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა. დაკავებულია პირი, რომელმაც ასელი სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა. გოგონამ კი ვერ გაუძლო მძიმე ფსიქო-ტრავმას და მერვე სართულიდან გადახტა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
“სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.